ახალი ამბები

Freedom House-ის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა

20 აპრილი, 2022 • 1258
Freedom House-ის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმოიხილავს „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების” (Nations in Transit) მდგომარეობას, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი კვლავ გაუარესებულია.

Nations in Transit-ის წლიური ანგარიშით Freedom House ზომავს დემოკრატიული მმართველობის დონეს, ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, 29 ქვეყანაში.

დემოკრატიის მაჩვენებელი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ეროვნული დემოკრატიული მმართველობა,
  • საარჩევნო პროცესი,
  • დამოუკიდებელი მედია,
  • სამოქალაქო საზოგადოება,
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა,
  • კორუფცია.

რეიტინგი ეფუძნება 1-დან 7-მდე შკალას, სადაც 7 წარმოადგენს დემოკრატიული პროგრესის უმაღლეს დონეს, ხოლო 1- ყველაზე დაბალს. აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, წელს საქართველოს დემოკრატიის ქულა დაეცა 3.18-დან 3.07-მდე.  ანგარიშის მიხედვით, საქართველო წელსაც ხვდება ტრანზიტული ან ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში.

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი 2.50-დან 2.25-მდე დაეცა, 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლისა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციური აქტორების ქმედებებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების გამო.

ამავე ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი შემცირდა 4.25-დან 4.00-მდე, რაც ასახავს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, რამაც გამოიწვია 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდზე“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.

Freedom House-ის  შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი 2.75-დან 2.50-მდე დაეცა, რაც გამოწვეულია სასამართლო სისტემაში კრიზისის ზრდით. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ეს გამოიხატა  ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების პოლიტიზებულ განხილვასა და მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელების ჩავარდანაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი