ახალი ამბები

ჭვრინისთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება სცადეს — სუსი

21 აპრილი, 2023 • 1065
ჭვრინისთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება სცადეს — სუსი

21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს — ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, ორმა მოქალაქემ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, “პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე” კი რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.

“ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან”, — წერს სუსი.

განცხადების თანახმად, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც ეცნობათ.

“ცენტრალური ხელისუფლება მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს”,  —წერს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი