ახალი ამბები

Euobserver: ევროკავშირი მოლდოველი ოლიგარქების სანქცირებას განიხილავს

21 აპრილი, 2023 • 1044
Euobserver: ევროკავშირი მოლდოველი ოლიგარქების სანქცირებას განიხილავს

Euobserver-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას მოლდოველი ოლიგარქების მიმართ, რომლებიც კიშინიოვში პროდასავლური მთავრობის დამხობას ცდილობენ.

გამოცემა წერს, რომ ახალი, 14-გვერდიანი სამართლებრივი ჩარჩო შემზღუდავი ზომების შესახებ ევროკომისიის მიერ ბრიუსელში 17 აპრილს გავრცელდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების პროექტი მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

შეზღუდვების დაწესება იგეგმება იმ პირებისა და ორგანოების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოლდოვაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, მონაწილეობენ ასეთ აქტივობებში.

EUobserver აღნიშნავს, რომ სანქციების ფორმირება, უპირველეს ყოვლისა, ორი ბიზნესმენის – ილან შორისა და ვლადიმერ პლაჰატნიუკის წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ედავებიან რუსეთთან კავშირს და მოლდოვის პოლიტიკაზე ჩრდილოვან გავლენას.

შორი ცხოვრობს ისრაელში და აფინანსებს პრორუსულ პარტიას მოლდოვაში, სახელად „შორი“, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აწყობს დემონსტრაციებს ქვეყანაში, ხოლო პლაჰატნიუკი თურქეთში იმყოფება.

გამოცემის ცნობით, სანქციების ჩარჩო-პროექტი, სავარაუდოდ, უახლოესი კვირის ბოლოს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღება.

მანამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და ევროკავშირს მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ მათთვის, ვინც მოლდოვაში დესტაბილიზაციას ცდილობს. პარლამენტს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა გააფართოოს სანქციების რეჟიმის ფარგლები, რათა დასჯად დანაშაულში ჩაითვალოს კორუფციული ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მანამდე, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ მოლდოვაში ევროკავშირის უსაფრთხოების სამოქალაქო მისიის შექმნაზე, რათა დაეხმარონ მაია სანდუს და მის მთავრობას „ჰიბრიდული საფრთხეებისა და უცხოური საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას მოლდოვაში.

ამ თემაზე:

როგორ იმუშავა აშშ-ის სანქციებმა მოლდოვაში

მასალების გადაბეჭდვის წესი