ახალი ამბები

„ჩამტენეს მანქანაში, მირტყამდნენ მუშტებს“ — გორში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

21 აპრილი, 2023 • 779
„ჩამტენეს მანქანაში, მირტყამდნენ მუშტებს“ — გორში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ გორის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ვალიაური პოლიციას სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ვალიაურის თქმით, ის გორში, სადგურის დასახლებაში ღამის საათებში გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა თეიმურაზ ტაბატაძემ გააჩერა, პირადობის წარდგენა და ფოტოს გადაღება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, თანმხლებ პოლიციელებთან ერთად, მანქანაში ჩატენა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„სახლთან დაახლოებით 50 მეტრში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი და მომთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა. შევთავაზე, რომ ვეტყოდი პირად ნომერს, ვუთხარი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და ამის მიუხედავად მათი პრინციპული და აგრესიული მოთხოვნა იყო, ჩემთვის გადაეღოთ ფოტო, რისი წინააღმდეგიც ვარ. იძულებით ჩამტენეს ავტომობილში. წამართვეს მობილური ტელეფონი, ჩამიტარეს უკანონო ჩხრეკა, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მირტყამდნენ მუშტებს, მუჯლუგუნებს“, — განაცხადა ვალიაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი