ახალი ამბები

ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი ქოლ-ცენტრის წარმომადგენლებს ქონება დაუყადაღეს

13 მარტი, 2025 •
ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი ქოლ-ცენტრის წარმომადგენლებს ქონება დაუყადაღეს

პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ სტუდია „მონიტორი“ ავრცელებს.

საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.

ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც სტუდია მონიტორმა, “აი, ფაქტმა”, ფლანგვის დეტექტორმა, OCCRP-მ და 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ იმუშავეს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მათ დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია, სახელად A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში. მათ დამატებითი ოფისი აქვთ შარტავას ქუჩაზეც.

ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი ქოლ-ცენტრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი (180-ე და 194-ე) მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

თაღლითობაში დადანაშაულებულ პირებს გამოძიებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სუს-ის შენობიდან 500 მეტრში თაღლითური ქოლცენტრი არსებობდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი