ახალი ამბები

როდესაც შენიანზე ხდება გარედან შეტევა, ქართველები გვერდში ვუდგებით ერთმანეთს — პაპუაშვილი მოსამართლეებზე

21 აპრილი, 2023 • 1088
როდესაც შენიანზე ხდება გარედან შეტევა, ქართველები გვერდში ვუდგებით ერთმანეთს — პაპუაშვილი მოსამართლეებზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და მათ პატრიოტულობას უწუნებს იმის გამო, რომ ისინი სანქცირებულ მოსამართლეებს არ გამოექომაგნენ.

„ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა დაპირისპირება ყოფილიყო, ჩემი პირადი შეგრძნება ყოველთვის იყო, რომ ეს იყო ქართველების ერთად ყოფნის შეგრძნება. მაშინ, როდესაც შენიანზე ხდება გარედან შეტევა, მაშინ, მინიმუმ, სოლიდარობას იჩენ ადამიანი და ქართველები გვერდში ვუდგებით ერთმანეთს“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე.

მისი აზრით, ოპოზიციამ პატრიოტიზმის ნაკლებობა გამოამჟღავნა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რადგან ეს იყო „გარედან“.

„ბოლო ერთი წელია, საკუთარ ქვეყანაზე ცეცხლს ითხოვდა ოპოზიცია და ითხოვდა, დაასანქცირეთ ეს, დაასანქცირეთ ის… პირველად ვხედავ და არცერთ ქვეყანაში არ ხდება ეს: პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები, ოპოზიცია, უცხო ქვეყანას ეხვეწება, რომ რაღაცნაირად დაგვსაჯე.

…ეს [პარლამენტის წევრობა] არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობით, იმდენად არაპატრიოტული ქცევაა, არ ეწერება არც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში და არც ქართულ ხასიათში“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია პარლამენტში უკვე რამდენიმე დღეა, ცდილობს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს გამოიძიებს, თუმცა „ქართული ოცნება“ პროცედურულ ხრიკებს იყენებს პროცესის ჩასაშლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი