ახალი ამბები

აშშ რუსეთში ექსპორტის დიდი ნაწილის სრულ აკრძალვას განიხილავს – „ბლუმბერგი“

20 აპრილი, 2023 • 650
აშშ რუსეთში ექსპორტის დიდი ნაწილის სრულ აკრძალვას განიხილავს – „ბლუმბერგი“

აშშ და რიგი სხვა სახელმწიფოებისა განიხილავენ რუსეთის სანქცირების ახალ ზომას – რუსეთში პროდუქციის დიდი ნაწილის ექსპორტის სრულ აკრძალვას, იუწყება „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების თანახმადვე, ამ გეგმას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მაისის სამიტამდე განიხილავენ და შეეცდებიან, გეგმების რეალიზაციაში ჩართონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, რუსეთში აიკრძალება ყველა ისეთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც არ არის შესული გამონაკლისთა სიაში. ეს მკვეთრად შეცვლის არსებულ მდგომარეობას, როცა რუსეთში იმ ყველაფრის ექსპორტი შეიძლება, რაც არ არის აკრძალული. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, გამონაკლისთა სიაში საკვები პროდუქტები და წამლები შევა.

რამდენად შეუერთდება ასეთ რეჟიმს ევროკავშირი, უცნობია. ამ ზომის მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, რაც, „ბლუმბერგის“ ვერსიით, „მწვავე დისკუსიას“ და ბიზნესის „ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს“. გამოცემა ასევე მიუთითებს მოსკოვის საპასუხო ზომების რისკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი