ახალი ამბები

ელისაშვილი აკრიტიკებს NGO-ებს ომბუდსმენის არჩევის რეკომენდაციის „ნაწილობრივ შესრულებულად“ შეფასებისთვის

20 აპრილი, 2023 • 1199
ელისაშვილი აკრიტიკებს NGO-ებს ომბუდსმენის არჩევის რეკომენდაციის „ნაწილობრივ შესრულებულად“ შეფასებისთვის

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

დღეს, 20 აპრილს, გამოქვეყნებულ ანგარიშში არასამთავრობოები წერენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის ნაწილში ევროკავშირის რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

ამ შეფასებას ელისაშვილი „უკიდეგანოდ სამარცხვინოს“ და „აბსოლოტურად გაუგებარს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი ზუსტად ისე გახდა ომბუდსმენი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ნინო ლომჯარია.

„ღია კენჭისყრით ავირჩიეთ სახალხო დამცველი, მეტი პროცესის გამჭვირვალობა რა გვინდა?

ლომჯარია აირჩია წინა პარლამენტმა 95 ხმით და ამას მხარი დაუჭირეს, ლევან იოსელიანი კი პარლამენტმა აირჩია 96 ხმით და ამაზე გაოცებულები იყვნენ, რომ თითქოს ნაწილობრივ შესრულდა, რადგან უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. უმრავლესობა თუ არ დაუჭერდა მხარს, ვერც ერთი ვერ გახდებოდა სახალხო დამცველი“, – აცხადებს იგი.

რა წერია არასამთავრობოების ანგარიშში

20 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც არასამთავრობოები აფასებენ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა „ნაწილობრივ შესრულებულადაა“ მიჩნეული.

არასამთავრობოების თანახმად, მოლოდინები იყო ომბუდსმენის გამჭვირვალე არჩევა სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ მმართველ პარტიას სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებისთვის და აღნიშნავენ, რომ ლევან იოსელიანი სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე აირჩიეს:

„სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის „მოქალაქეები“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა“.

ანგარიშში გამოწვევად არის მიჩნეული კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და მოქმედი პოლიტიკოსის ომბუდსმენად არჩევა. აგრეთვე გამოწვევადაა მოყვანილი „ახალარჩეული სახალხო დამცველის მიერ სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი