ახალი ამბები

სტრასბურგმა მორიგი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებაში მიიღო

20 აპრილი, 2023 • 1209
სტრასბურგმა მორიგი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო სახელმწიფოთაშორისი სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. ეს საქართველოსა და რუსეთს შორის სტრასბურგში რიგით მე-4 დავაა.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, საქმე ეხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანის უფლებრივი მდგომაროების გაუარესებას.

კერძოდ, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში მიაღწია, როცა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

როგორც საჩივრის გაგზავნისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის.

მათ შორის, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლების დარღვევა, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლების დარღვევა (მიმოსვლის თავისუფლება).

სამინისტროში აღნიშნავდნენ, რომ ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რითაც იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები ზემოხსენებული ადმინისტრაციული დარღვევების არა მხოლოდ საილუსტრაციოდ გამოიყენოს, არამედ განიხილოს, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევები, რაზეც სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საქმეები სამ ინდივიდუალურ საჩივარშიც ფიგურირებს, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს:

„გამომდინარე აქედან, სახელმწიფოთაშორისო დავის ფარგლებში მხოლოდ ადმინისტრაციული პრაქტიკების გამოკვლევა მოხდება და აღნიშნულ სამ ინდივიდუალურ საქმეს აღნიშნულის საილუსტრაციოდ მხედველობაში მიიღებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ მიიღებს 2009 წალმდე განვითარებულ მოვლენებს.

სტრასბურგის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც. უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.


აღნიშნული საქმე მეოთხეა, რომელიც საქართველოს სახელით რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში გაიგზავნა. მათგან ორზე გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებულია.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 000 000 ევროს გადახდა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც 2006 წელს რუსეთიდან 1 500 ადამიანის დეპორტაციას უკავშირდება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებები ეთნიკური ნიშნით ქართველების გაძევებასთან დაკავშირებით სანდოა და 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

გადახდის ბოლო ვადად 2019 წლის 30 აპრილი განისაზღვრა, თუმცა რუსეთის ფედერაციას ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია.

2021 წლის 1 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

რაც შეეხება მესამე საქმეს, საჩივარი ეხებოდა 4 ქართველი არასრულწლოვნის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უწყებების მიერ დაკავებას. 2010 წლის 29 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ შეატყობინა ევროსასამართლოს, რომ საქმის განხილვა შეეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი