ახალი ამბები

ის აშშ-ს არ უნდა უყურებდეს ცინიკურად — დენიელ ფრიდი ივანიშვილზე

20 აპრილი, 2023 • 2289
ის აშშ-ს არ უნდა უყურებდეს ცინიკურად — დენიელ ფრიდი ივანიშვილზე

რა გზავნილი შეიძლება იყოს მოსამართლეთა სანქცირების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის? ეს კითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა დენიელ ფრიდს, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატს, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილ კოორდინატორს.

ფრიდის თქმით, ივანიშვილი ცინიკურად არ უნდა უყურებდეს აშშ-ს.

„მან [ივანიშვილმა] უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხს. არა იმიტომ, რომ ცინიკურები ვართ, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიულ საქართველოს მეტი შანსი აქვს, იყოს წარმატებული და სწორედ ეს არის ამერიკის ინტერესებში.

ასე რომ, იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ და ვგულისხმობთ საქართველოს შემთხვევაში, არის ნამდვილად ერთი და იგივე რამ. ჩვენ არ გვაქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ნათელია. ამერიკის ინტერესებშია ის, რომ საქართველოს დემოკრატია გაღრმავდეს და საქართველოს ინსტიტუტები გაძლიერდეს. ამის საფუძველზე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან და ჰქონდეს პროგრესი ამ მიმართულებით. ესაა ის, რაც ჩვენ გვინდა, ესაა ჩვენს ინტერესებში. ჩვენ არ გვაქვს ფარული დღის წესრიგი.

ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოს გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. ეს სასაცილოა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ, და ვიმედოვნებ, რომ ქართველებს, რომელ პოლიტიკურ სპექტრსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, ეს ესმით“, — განაცხადა დენიელ ფრიდმა.

ინტერვიუ დენიელ ფრიდთან სრულად იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი