ახალი ამბები

რუსეთში დააჯარიმეს პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის „სიმპათიური ახალგაზრდა“ უწოდა

19 აპრილი, 2023 • 925
რუსეთში დააჯარიმეს პენსიონერი, რომელმაც ზელენსკის „სიმპათიური ახალგაზრდა“ უწოდა

რუსეთში 70 წლის პენსიონერი ოლგა სლეგინა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნათქვამი კომპლიმენტისთვისგაასამართლეს „არმიის დისკრედიტაციის“ მუხლით,  – იუწყება უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“.

კერძოდ, სანატორიუმში დასვენებისას სლეგინამ თქვა, რომ „ზელენსკი სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანია იუმორის კარგი გრძნობით, ადრე ყველა იცინოდა მის ხუმრობებზე“. მალევე სლეგინასთან ძალოვნები მივიდნენ და უთხრეს, რომ იგი სამმა ადამიანმა დაასმინა „ზელენსკისთვის ხოტბის შესხმის გამო“.

სლეგინას რეპლიკას, რომ საუბარი მხოლოდ ზელენსკის გარეგნობაზე მიდიოდა, პოლიციელმა უპასუხა: „არ გაქვთ მისი შექების უფლება, რადგან იგი ჩვენი მტერია“.

შემდგომ პენსიონერი განყოფილებაში გადაიყვანეს და შეადგინეს პროტოკოლი, რომელშიც მისი სიტყვები სხვანაირად იყო წარმოდგენილი. როგორც სლეგინას ადვოკატი ამბობს, პენსიონერმა პროტოკოლის წაკითხვა ვერ მოახერხა მხედველობის პრობლემების გამო.

სასამართლომ, საბოლოო ჯამში, სლეგინა დამნაშავედ ცნო „არმიის დისკრედიტაციაში“ და 40 ათასი რუბლით [~1200 ლარი] დააჯარიმა.


უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში რეპრესიული კანონების მორიგი ტალღა დაიწყო – მოქალაქეებს აპატიმრებენ და აჯარიმებენ როგორც უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე, ზოგადი ფრაზებისთვისაც, როგორიცაა „არა ომს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი