ახალი ამბები

ევროკომისია მაისში ზეპირად წარადგენს ინფორმაციას 12 პირობის შესრულებაზე — ვარჰეი

18 აპრილი, 2023 • 909
ევროკომისია მაისში ზეპირად წარადგენს ინფორმაციას 12 პირობის შესრულებაზე — ვარჰეი

„ევროკომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე“, — ამის შესახებ ნათქვამია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საპასუხო წერილში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი.

20-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ევროკომისარ ვარჰეის მიმართა და სთხოვა, საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

საპასუხო წერილში ევროკომისარი წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არსებითი როლი აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს დაცვის კუთხით.

„ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე. კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე. ამ განახლების ვადები და მოდალობები კვლავ განხილვის სტადიაზეა. ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების იმპლემენტაციის შესახებ იქნება კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი შემოდგომაზე“, — ნათქვამია ოლივერ ვარჰეის წერილში.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.

ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე გადაწყვეტილების მიღება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

ამ თემაზე:

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე EU გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს – მიშელი

მასალების გადაბეჭდვის წესი