კომენტარი

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე EU გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს – მიშელი

29 მარტი, 2023 •
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხზე EU გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს – მიშელი

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ევროპულ საბჭოს წლის ბოლოს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე.

ამის შესახებ შარლ მიშელმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე მოლდოვას და უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კი- ევროპულ პერსპექტივაზე. ასევე, დისკუსიები მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის შესახებ. მინდა, დავადასტურო, რომ მე ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს სხდომაზე წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე გაწევრიანების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

წყარო: ევროკომისია

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი