ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ოპოზიციის შიშები რუსული გავლენების ზრდაზე

31 მარტი, 2023 •
აფხაზური ოპოზიციის შიშები რუსული გავლენების ზრდაზე

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში ოპოზიციური ძალები ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების სურვილს, აფხაზეთში მიიღონ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ე.წ. აპარტამენტების მშენებლობას, გაყიდვას და ექსპლუატაციას – კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ მშენებლობისა და ე.წ. აპარტამენტების ყიდვის შესაძლებლობა.

ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრით, კანონი მიმართულია იმისკენ, რომ გვერდი აუარონ უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება რუსეთზე] მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვის შეზღუდვას. დღეს აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა ეკრძალებათ.

აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, ლეონიდ ჭამაღუას აზრით, რუსებით აფხაზეთის  დასახლების გეგმის განხორციელებას აფხაზეთში უკვე დიდი ხანია, ფაქტიურად, 2008 წლიდან ცდილობენ.

თუმცა, მისივე აზრით, ყოფილი მეთაურები, სერგეი ბაღაფში, ალექსანდრ ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა, ასევე, იმ პერიოდების პარლამენტის წევრები, შეძლებისდაგვარად, წინააღმდეგობას უწევდნენ მოსკოვის ზეწოლას. დღეს კი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა აღარ არსებობს:

“დღეს ჩვენს პარლამენტში არიან ღირსეული დეპუტატები, რომლებმაც არ უნდა დაუშვან აპარტამენტების შესახებ კანონის მიღება. ხელისუფლებას კი ადეკვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე”, – განაცხადა ლეონიდ ჭამაღუამ ოპოზიციური საზოგადოებრივი- პოლიტიკურ პარტიებისა და ორგანიზაციების უკანასკნელ შეხვედრაზე სოხუმში.

მისი აზრით, აფხაზეთის ხელისუფლებას გააჩნია მექანიზმები, რომლის დახმარებითაც  უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ჭამაღუას მაგალითად მოჰყავს აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც აფხაზეთმა უნდა გაატაროს, 2014 წელს ხელმოწერილი სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, აფხაზური კანონიც რუსულ ნორმას შეუსაბამონ, რომლის მიხედვით, შიდა კანონები საერთაშორისო შეთანხმებებზე მაღლა დგას.

“რუსეთში უკვე რამდენიმე წელია შიდა კანონები საერთაშორისო სამართალზე პრიორიტეტულია. ჩვენც შეგვიძლია გავწეროთ ასეთი რამ”.

დღეს აფხაზეთში ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება შიდა კანონზე ლეგიტიმურია, რასაც სამომავლოდ ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. მაგალითად, პრობლემის შექმნა შეუძლია 2023 წლის მარტის ბოლოს რატიფიცირებულ შეთანხმებას სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ.

სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებას აფხაზური  ოპოზიცია სწორედ აპარტამენტების შესახებ კანონს უკავშირებს. მაგალითად, თუ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ე.წ. აპარტამენტს ყიდულობს აფხაზეთში, შემდეგ კი ამ აპარტამენტის საცხოვრებელ ფართად დასარეგისტირებლად რუსეთში სასამართლოს მიმართავს, დიდი ვარაუდით, რუსული სასამართლო აფხაზეთს დაავალდებულებს, აღასრულოს გადაწყვეტილება.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყება აპარატამენტების არასაცხოვრებელი ფუნქციიდან გადაკეთება საცხოვრებლად. ასე აღწერს რუსებისთვის უძრავი ქონების ბაზრის ლეგალიზაციის მექანიზმს მთავარი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა.

ამასთან, მისი აზრით, საკუთრებიდან ჩამოართმევენ უძრავი ქონების ობიექტებს აფხაზეთის იმ მოქალაქეებსაც, ვინც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ერთობლივ საკუთრებას ფლობენ აფხაზეთში – არსებული კანონმდებლობით, უძრავი ქონების ობიექტი შეიძლება გაფორმდეს ერთობლივად დარეგისტირებულ საწარმოზე. რუსული მხრიდან ბიზნესის თანამფლობელს კი, ახალი კანონით, რუსეთშივე შეუძლია სასამართლოს გზით წაართვას აფხაზ პარტნიორს მთლიანი ბიზნესი.

“კარგად ვხედავთ, რომ რუსეთში მოსყიდული მოსამართლეების დახმარებით მიტაცების ათასობით შემთხვევაა დაფიქსირებული. მე ვერ ვენდობი რუს მოსამართლეებს ამ საკითხში. ჩვენ მოსამართლეები ბევრად სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ. ტყუილად ხომ არ ვაშენებდით საკუთარ სამართლებრივ სისტემას?!”, – ამბობს ადგურ ლაგვილავა ოპოციზიურ ძალთა შეკრებაზე.

ამასთან, რუსულ ბანკებში კრედიტების დროულად გადაუხდელობის გამო, შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე აფხაზეთში ქონებაც კი წაართვან მოქალაქეებს.

ადგურ არძინბას აზრით, ეს მექანიზმი აფხაზეთს მოქალაქეებს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს რუსეთის ფედერაციის სასამართლო მანქანის წინაშე. მისი აზრით, ეს შეთანხმება არანაირად არაა თანხვედრაში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვის ვალდებულებასთან, რომელიც აკისრია აფხაზეთის ხელისუფლებას.

“ჩვენმა ხელისუფლებამ შეწყვიტა ორიენტირება შიდა დღის წესრიგზე, საკუთარი მოქალაქების საჭიროების ზრუნვაზე. ჩვენ მუდმივად გვესმის საუბარი ინვესტორებისა და მათი ინტერესების შესახებ. ჩვენმა ხელისუფლებამ შეწყვიტა ორიენტირება ეკონომიკაში მეცნიერულ მიდგომებზე. ამიტომაც, ჩვენ ამ წელს ვხედავთ უპრეცედენტოდ დეფიციტურ ბიუჯეტს. ხელისუფლებას დღეს იმის ფულიც არ აქვს, რომ ელექტრომრიცხველები შეიძინოს”,  – ამბობს ეკონომისტი ახრა არისთავა.

ლეონიდ ჭამაღუას მოჰყავს კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის სასამართლო გამოცდილებიდან, რომლის თანახმად, დღეს ათასობით სარჩელია შესული უძრავი ქონების დავებზე ყოფილ ჩინოვნიკებსა და ხელისუფლებას შორის. შესაბამისად, ექსდეპუტატი მოუწოდებს აფხაზებს, სხვის შეცდომებზე ისწავლონ და მსგავსი დავებისთვის აფხაზეთში ახალი მოედნის გახნის საშუალება არ მისცენ.

“ღია წყაროებში არსებობს ინფორმაცია რუსეთში საარბიტრაჟო სასამართლოების შესახებ. ნახეთ, ვინ ვის ედავება. ტკაჩოვსაც კი  [ალექსანდრ ტკაჩოვი, რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი მინისტრი] სასტუმროს ართმევენ. როგორ ფიქრობთ, ჩვენ და ჩვენი ბიზნესმენები ამ ყველაფერთან ბრძოლას შევძლებთ და წინააღმდეგობას გავუწევთ?”, – კითხულობს ჭამაღუა.

ხელისუფლების ძალისხმევა, დაარწმუნოს ხალხი იმაში, რომ შეუძლებელია აფხაზეთში გარე ჩარევის, უძრავი ქონების გაყიდვისა და სტრატეგიული ობიექტების საკუთრებაში გადაცემის გარეშე განვითარება, მისი აზრით, არის საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია.

“ისინი, ვინც ამბობენ, რომ  ჩვენით ვერაფერს შევძლებთ და ამიტომ უნდა გადავცეთ ინვესტორს, აფხაზეთში ცხოვრების გაგრძელებას არ გეგმავენ. უბრალოდ აქედან წავლენ”, – ამბობს ჭამაღუა.

ვიტალი გაბნია, პარტია “აფსნის” თავმჯდომარე და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი [ რულ ხაჯიმბას პრეზიდენტობისას] ხელისუფლებას კიდევ ერთ აფიორაში ადანაშაულებს.

“კოგონიას ქუჩაზე დგას მაღალსართულიანი შენობა და უკვე რამდენიმე წელია ვერ ხდება ჩაბარება, რადგან არ არსებობს მისთვის საჭირო ელექტროსიმძლვრეები. წარმოგიდგენიათ, თუკი მასობრივი მშენებლობა დაიწყება, რა მოხდება? ჩვენი ენერგოსისტემა, წყალმომარაგება, და კანალიზაცია ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ეს არის აფიორა, როდესაც იციან, რა ინფრასტრუქტურაა აქ და მაინც საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით ამას მხარს უჭერენ. არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა ამ შენობებს”,-  ამბობს გაბნია.

ამჟამად ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლებასთან დიალოგი დაამყაროს, რათა არ დაუშვან აფხაზეთისთვის მავნებლური რეგულაციების მიღება. ყველაზე საშიშად დღეს ოპოზიცია მიიჩნევს კანონს აპარტამენტების შესახებ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების საკუთრებაში გადაცემას, უკვე ხელმოწერილ შეთანხმებას სასამართლო გადაწყვეტილებების უერთიერთაღიარებაზე და კანონს ენერგეტიკის ლიბერალიზაციის შესახებ. ეს ყველა რეგულაცია, ოპოზიციის აზრით, აფხაზეთს დამოუკიდებლობას დაუკრგავს, რომელიც, მათი ღრმა რწმენით, ჯერ კიდევ არსებობს.

 

ფოტო: https://apsadgil.info/

ფოტო: https://apsadgil.info/

რევოლუციის სამი მიზეზი აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი