ახალი ამბებიხელოვნება

ვერგადარჩენილი საქართველოს მომავალი ანუ „დარისპანის გასაჭირი” ილიაუნის თეატრში

19 აპრილი, 2023 • 2867
ვერგადარჩენილი საქართველოს მომავალი ანუ „დარისპანის გასაჭირი” ილიაუნის თეატრში

12 და 13 აპრილს „ილიაუნის თეატრში“ გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „დარისპანის გასაჭირი“. ქართულ თეატრალურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული ტექსტი ამჯერად სცენაზე საბა ასლამაზიშვილმა განახორციელა.

ქართულ თეატრალურ სივრცეში ტექსტის აქტუალობის  განსასაზღვრი მახასიათებლები მეტად ბუნდოვანია. მასში თავისთავად არსებობს მუდმივი ტექსტები. დრო და კონტექსტი, რომელშიც ის ხორციელდება, ფორმა და მიდგომა, რომელსაც განხორციელებული წარმოდგენა (და) ეფუძნება, ხშირად რჩება სააზროვნო და კრიტიკულ ველს მიღმა.

ამის დასტურია აღწერა, რომელიც აქვს ილიაუნის თეატრში განხორციელებულ წარმოდგენას:

„თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.

ეს ამბავი, ერთდროულად  ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება, რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახის და, ამავდროულად, საქართველოს მომავლის გადარჩენას.“

ტექსტი თითქმის თანხვდება საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეების მიერ განხილულ კლდიაშვილის ნაწარმოებებს. პათეტიკურ-ალეგორიულობა და „ცრემლიანი სიცილი”. საქართველოსა და დარისპანის კავშირი, რომელიც რევოლუციურად უნდა აღიქმებოდეს, უიმედობის გარდა ვერანაირ ემოციას ვერ აღძრავს. შესაბამისად, წინასწარგანწყობაც, რომელიც ამ აღწერამ უნდა წარმოშვას, იმედის მომცემი ნამდვილად ვერ არის.

სცენოგრაფია (მარიამ კალატოზიშვილი) : სხვადასხვა ფერის ბალიშებით სავსე სცენა, შუაში პატარა განათებული კიბით. კომპაქტური, მობილური დეკორაცია, ოდნავი სახეცვლილებით, იძლევა სხვადასხვა სცენის გათამაშების შესაძლებლობას. დეკორაციის ბალიში ხან რეალურ ბალიშად იქცევა, ხანაც ოსიკოსთვის გაშლილ სუფრად.

სცენაზე შემოდის შარფმოხვეული მართა (ლილი ხურითი), თან გიტარა მოაქვს. აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც მის სამოსთან ერთად (კოსტუმების მხატვარი: სანდრო მარგველაშვილი) პიესის იმ  ინტერპრეტაციებთან გვაბრუნებს, რომელსაც თან სდევს გიტარით დამღერებული ჰანგები და იმერული კილოკავით ერთმანეთისთვის მაღალ რეგისტრში დაყვირებული სიტყვები, რომელიც  იმერული კეკლუცობის და კუთხური მახასიათებლების გამოვლენად უნდა ჩაითვალოს, თუმცა არაფერია, ხელოვნურობის გარდა.

მას შემდეგ, რაც მართა თავის ნათლიდედა – პელაგიას გაანდობს პოტენციური სასიძოს მოსვლის საკვანძო ამბავს, რომელიც მისი შვილის და მართას ნათლულის – ნატალიას დაქორწინების წინაპირობად შეიძლება იქცეს, პელაგია იატაკზე გონდაკარგული გაწვება. პანტომიმა და ექსპრესიულობა, რომელსაც მაია ხორნაულის განსახიერებული პელაგია ატარებს, სამოყვარულო სპექტაკლის ელემენტებს ვერ სცდება. მაყურებლის გასაცინებლად მიმართული გაზვიადებული მიმიკები და რეაქციები, სიყალბის და დრომოჭმულობის გარდა, არანაირ ემოციას არ აღძრავს.

ნატალიას მოსაყვანად პელაგიას  გასვლის შემდეგ მართა გიტარის თანხლებით მღერის რუსულ რომანსს (მუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე; მუსიკალური კონსულტანტი: ივანე ხაჩიძე). გაუგებარია, რას ემსახურება ეს გადაწყვეტა და სიმღერის არჩევანი. თუ მას ნაწარმოების მთავარ თემას დავუკავშირებთ („მითხარი, რომ გიყვარვარ“), არც ეს გახდის ცხადს რომანსის სპექტაკლში გამოყენების მიზანს, უფრო ზუსტად კი, მის დანიშნულებას. მალე ფორმაშეცვლილი რომანსი გაჟღერდება პელაგიასა და დარისპანის დუეტით. მათ სცენაში დაკარგულია პერსონაჟთა მოტივაციები, პირველ ყოვლისა კი, ისინი უსიცოცხლონი არიან. პელაგია ისევ სტილიზებული, ექსპრესიული მიმიკებით აჰყვება დარისპანს (სლავა ნათენაძე) სიმღერაში.

სლავა ნათენაძის დარისპანი  სქემატურია. ქმედითობა, რომელსაც პერსონაჟი ტექსტისმიერად ატარებს, სპექტაკლში გამქრალია. მისი სიკეკლუცის და თავმომწონეობის პასაჟები არაფრით გამორჩეული და რიგ შემთხვევებში, უხერხულია (მაგ: მისი მიმართვა პელაგიასადმი – „პელაგეია“). იგივე შეიძლება ითქვას მართაზეც. შეხვედრის ინიციატორი და მოქმედების განმსაზღვრელი პერსონაჟი უფერულია, გამხსნელი რეპლიკის გარდა, მისი სცენაზე ყოფნა არაფერს ცვლის.

ტექსტი სახეცვლილია, შეძლებისდაგვარად გათანამედროვებული. როგორც უკვე აღინიშნა, მთავარი პერსონაჟების მეტყველებაში იმერული კილოკავი შენარჩუნებულია, თუმცა სრულიად არათვითმყოფადია. მსახიობების აქცენტი არის არაბუნებრივი, ხელოვნური და პათეტიკური.

მთავარი ტექსტისმიერი ცვლილებაა ონისიმეს პერსონაჟის გაქრობა და ოსიკოს შემოყვანა სახეცვლილ პერსონაჟად. ოსიკო (თორნიკე კაკულია) მართას სახლს მესიად ევლინება. გაჭრილი სცენიდან ამომავალი სინათლე მალევე ამოიყვანს მას სცენაზე საქორწინო ბეჭდის ჩასადებით ხელში. მიზანსცენები იგება ბეჭდის ჩასადების გარშემო. პერსონაჟი ჩასადებში მოთავსებული მაცდური ნუგბარით უმასპინძლდება სპექტაკლის ყველა მოქმედ პირს. მაჩო – ოსიკო გამძაფრებულად და ზედმეტად ცხადად უსვამს ხაზს მის მოტივაციებს, სექსუალურ ვნებას, რომელსაც ავლენს არა მხოლოდ მისთვის გარიგებული ნატალიასა და კაროჟნასადმი, არამედ ყველა ქალი პერსონაჟის მიმართ. რეჟისორის  ჩანაფიქრი ცხადია, გაამძაფროს დაბრმავებული პელაგიასა და დარისპანის მერკანტილურობა და ყველაფრის ფასად შვილების გათხოვების სურვილი. ნაწილობრივ აღწევს კიდეც მიზანს, თუმცა, გარდა იმისა, რომ ბალანსი აქაც ირღვევა, პერსონაჟი სრულიად ამოვარდნილია სპექტაკლის მდინარებიდან.

ოსიკოსა და ნატალიას ცეკვის ექსპრესიული და ვულგარული სცენა პელაგიასა და დარისპანის პაექრობაში გადაიზრდება. ნატალიას ცეკვის საპირწონედ დარისპანს ფორტეპიანო შემოაქვს სცენაზე, ისმის ამერიკული ბლუზი. გონდაკარგული ცეკვა და ჟინი გამძაფრების ნაცვლად ისევ და ისევ სამოყვარულო წარმოდგენის ნიშნებს იძენს და ამ სანახაობისთვის მაყურებლის რიტმული ტაშით აყოლა ზუსტად ესადაგება ნანახს.

უნდა აღინიშნოს კაროჟნასა (მაშიკო თვალაბეიშვილი) და ნატალიას (ნინა ყიფშიძე) პერსონაჟები. უკანასკნელის სიარულის მანერა, პლასტიკა, ჩაცინებები, სიანჩხლე და კაროჟნას უტყვი სახე ყველაზე დასამახსოვრებელია სპექტაკლიდან.  წარმოდგენის მთავარი მარცვალიც სწორედ ამ პერსონაჟების ფინალურ სცენაში გაკრთება, როცა განადგურებული საღამოს შემდეგ, სცენის სხვადასხვა კუთხეში მდგარი პერსონაჟები ერთმანეთს თანაგრძნობით შეხედავენ, უფრო ზუსტად, მათი მზერები ერთმანეთს შეხვდება და ნატალია გაიწევს კიდეც კაროჟნასკენ, თუმცა იგი მაინც მამამისს გაჰყვება, მათი ინტერაქცია ვერ შედგება, ზღვრის გადალახვა შეუძლებელია.  დარისპანიც და პელაგიაც გამოხატავენ თანაგანცდას შვილების მიმართ, თუმცა საოჯახო ტვირთისგან თავის დაღწევა შეუძლებელი ამოცანაა მათთვის. ამ სცენით სპექტაკლის დასრულება ბევრად გასაგები იქნებოდა, თუმცა რეჟისორი აქაც არ სვამს წერტილს და ამჯერად მართა რუსული რომანსის ნაცვლად ქართულ სიმღერას ასრულებს. რეჟისორი ხვალინდელი დღის მოლოდინზე დაწერილ სიმღერაში განასხეულებს თავის სათქმელს, რომელიც ამ გზით კიდევ უფრო მიუღწევადი და განუხორციელებელი რჩება.

საბა ასლამაზიშვილის „დარისპანის გასაჭირი“ დაცლილია თანამედროვეობის ნიშნებისა და  კონტექსტისგან. წარმოდგენის ფორმა, ენა და მიდგომა იმეორებს სპექტაკლის ინტერპრეტაციის კლასიკურ სქემას. იმდენად დიდია სურვილი, მასში ცხადად ჩანდეს კომედიის ელემენტები, რომ შედეგად ვიღებთ წარმოდგენას, რომელიც სტილიზებული, ჰიპერბოლიზებული, ხშირად იაფფასიანი ელემენტებით ცდილობს მაყურებელზე ზემოქმედებას, შედეგად კი, ტექსტისმიერი მნიშვნელოვანი დეტალები და მოტივაციები რჩება წაუკითხავი და ბუნდოვანი. ამ გზით კი საქართველოს მომავლის გადარჩენის მცდელობა კრახით სრულდება.

ფოტო გარეკანზე: ილიაუნის თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი