ახალი ამბები

კალაძის თქმით, წერეთლის რეაბილიტაციისას ქალაქში დიდი სატრანსპორტო პრობლემები შეიქმნება, თუმცა, დროებით

10 აპრილი, 2023 • 859
კალაძის თქმით, წერეთლის რეაბილიტაციისას ქალაქში დიდი სატრანსპორტო პრობლემები შეიქმნება, თუმცა, დროებით

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას აუცილებლად მოჰყვება პრობლემები, მათ შორის, გადაჭედილი ტრანსპორტი და გაჩერებები.

დღეს, 10 აპრილს, კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომა გამართა. სხდომაზე მან ისაუბრა ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ  და თქვა, რომ სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს – „საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით“.

„წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, კალაძე ამბობს, რომ ესმის იმ სირთულეების, რომელიც თან სდევს სატრანსპორტო რეფორმას. თუმცა, მისი თქმით, დღეს სიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესებულია.

„მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც ჩვენ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ – ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობ ამას, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბისა და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით, იმიტომ, რომ როდესაც სამუშაოები დასრულდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობის თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტის [თვალსაზრისით]“.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი