ახალი ამბები

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ — კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თარიღს ასახელებს

5 აპრილი, 2023 • 5068
„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ — კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თარიღს ასახელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ წერეთლის გამზირისა და დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება.

მერის თქმით, განახლდება „უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიწისქვეშა კომუნიკაცია, გაზისა და წყალმომარაგების ქსელი“.

„კარგად გვესმის, რა დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რაც გამოიწვევს დიდ დისკომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით. თუმცა, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება, თუ არ მოხდება გამზირის დროებით გადაკეტვა“, – აღნიშნა მერმა და მოგვიანებით დაამატა, რომ „ერთად უნდა გავიჭირვოთ“.

კალაძის თქმით, მერიაში ფიქრობდნენ მხოლოდ საგზაო ნაწილის და არა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში „იგივე [მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოწვეული] პრობლემები დარჩება“.

რაც შეეხება რეაბილიტაციის გეგმებს, კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე:

  • ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება;
  • გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა ავტობუსის ზოლი;
  • ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

სავალი ნაწილისა და ტროტუარის რეაბილიტაცია იგეგმება დიდუბის ხიდზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი