ახალი ამბები

“დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ” – გრიგორიადისის მამა

10 აპრილი, 2023 • 3222
“დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ” – გრიგორიადისის მამა

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილის, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. მან აქციის მონაწილეებს და საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რომ ლაზარეს გათავისუფლების საკითხში გვერდში დაუდგნენ.

მისი შეფასებით, ლაზარე “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული მსხვერპლია და ამაზე მისი დაკავების თარიღი, 29 მარტიც მიუთითებს, რადგან, აქციები “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად 7-9 მარტს მიმდინარეობდა. ამასთან, მამის თქმით, აქციების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ სწორედ ისეთ ადამიანებზე, როგორ “ვიზუალშიც ზუსტად ჯდებოდა ლაზარე”.

ბექა გრიგორიადისის განცხადებით, ის არ ენდობა ქართულ სასამართლოს:

“ხალხნო, უბრალოდ მითხარით, დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ? მურუსიძის სასამართლოში შეიძლება, რომ ადამიანი გასამართლდეს ხალხნო? რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო, წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს იმიტომ, რომ ვიცი, ის არავის მოკვლას არ აპირებდა. მაგრამ როგორ… მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს ხალხი. ხომ ხედავთ როგორ ასამართლებენ არა? […]

ძალიან გთხოვთ, დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვანოთ იქით, საითაც ევროპაა”, – მიმართა საზოგადოებას ლაზარეს მამამ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი