ახალი ამბები

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

8 აპრილი, 2023 • 2544
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით:

  • 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის
  • 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით
  • ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს

მათივე განცხადებით, კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება და დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა.


მეწყრული საშიშრიოების გამო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი 30 მარტიდან ჩაკეტილი იყო და მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე იყო გადართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი