ახალი ამბები

სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალ წესს

7 აპრილი, 2023 • 1127
სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალ წესს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აკრიტიკებს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემა-შეჩერების ახალ წესს  და პარლამენტის თავმჯდომარეს მასში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის აპარატმა დღეს, 7 აპრილს გაავრცელა.

იოსელიანის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის შეჩერების მოქმედი წესი ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას:

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს”, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, აპარატი უკვე სწავლობს პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ ფაქტებს.


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით მიღებული მედიის შემზღუდავი ბრძანება 1 მარტიდან ამოქმედდა. ამ ბრძანების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცემას მხოლოდ სამი ჟურნალისტი შეუძლია ჰყავდეს და იმ შემთხვევაში, თუკი მათ აკრედიტაცია შეუჩერდებათ, მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ მათ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა.

აკრედიტაციები შეუჩერეს ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას და „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს.

წერილში, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტიდან მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ დაარღვიეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არ ჩაწეროს ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, აპარატის თანამშრომელთან ან მოწვეულ პირთან, თუკი რესპონდენტი ამაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი