ახალი ამბები

„ფორმულას“ ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

6 აპრილი, 2023 • 1804
„ფორმულას“ ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფიო გოზალაშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი ავრცელებს.

წერილში, რომელიც ჟურნალისტმა პარლამენტიდან მიიღო, ნათქვამია, რომ სოფიო გოზალაშვილმა დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არ ჩაწეროს ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, აპარატის თანამშრომელთან ან მოწვეულ პირთან, თუკი რესპონდენტი ამაზე უარს აცხადებს:

„2023 წლის 31 მარტს თქვენ დაარღვიეთ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც დასტურდება 1 აპრილს გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გაშვებული სიუჟეტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიჩერდათ ჟურნალისტის აკრედიტაცია 1 თვის ვადით, 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით“, — აცნობეს ჟურნალისტს პარლამენტიდან.

სიუჟეტი, რომლის მომზადების გამოც ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს, შალვა რამიშვილის მიერ ქალების შევიწროებას ეხებოდა. ჟურნალისტს დეპუტატებისგან აინტერესებდა, რატომ უჭერენ ისინი მხარს რამიშვილს.

პარლამენტში მედიისთვის ახალი წესები 1 მარტიდან ამოქმედდა. ამ წესების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცემას  მხოლოდ სამი ჟურნალისტი შეუძლია ჰყავდეს და იმ შემთხვევაში, თუკი მათ აკრედიტაცია შეუჩერდებათ, მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი