ახალი ამბები

არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი — დეგნანი კობახიძეზე

6 აპრილი, 2023 • 1222
არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი — დეგნანი კობახიძეზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ არაფერი აქვს დასამალი და არ იცის, რაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე, როცა ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რას ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან სატელეფონო საუბრებში.

კელი დეგნანის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება პირად საუბრებს გაასაჯაროებს, ეს ქართული საზოგაოდებისთვისაც შემაშფოთებელი იქნება.

„არ ვიცი, რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. რაზე საუბრობს, მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. მე არ ვიცი, რაზე საუბრობს, თუმცა არაფერი მაქვს დასამალი.

გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, რომ არასოდეს გვითქვამს, საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსტიური სიტუაციის, რაშიც საქართველო იმყოფება – 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდებით ამ დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო და ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში ჩაერთოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ომი შევაჩეროთ. პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია ეს შეაჩეროს“, — განაცხადა კელი დეგნანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.


5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, თუ რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.

თუმცა, მისი თქმით, აშშ-მა თამაშის წესები უნდა დაიცვას.

„ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს. ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა უბრალოდ ამაზე საუბარი, შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. მაგრამ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები. ჩვენი პრინციპია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“, — განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი