ახალი ამბები

„გვაქვს, სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან… ამიტომ დაიცვან წესები“ — კობახიძე

6 აპრილი, 2023 • 10975
„გვაქვს, სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან… ამიტომ დაიცვან წესები“ — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, თუ რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები იყოს დაცული. მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერც ერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და მისი ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდებელი“, — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეების სანქცირებას სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის კონტექსტში განიხილავს. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო განცხადება აჩვენებს, რომ „სახელმწიფოდ არ გვიყურებენ“.

„არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები — ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დროებითია“, — თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა 4 მოსამართლე კორუფციის შესახებ მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირა.

„დანაშაულია ჩადენილი, დაგვიმალავენ ჩვენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, საზოგადოებას მაინც უთხრან. კაი, „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ არ არის ლოგიკა“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მან ჩამოთვალა თემები (რუსთავი 2-ის საქმე, მოსამართლე ჩხიკვაძის შემთხვევა), რომელიც ადასტურებს დამოუკიდებელ სასამართლოში პოლიტიკური ჩარევის ინტერესს.

„ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს. ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა უბრალოდ ამაზე საუბარი, შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. მაგრამ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები. ჩვენი პრინციპია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო, სასამართლოსთან დაკავშირებით ბერკეტების „ნაცმოძრაობისთვის“ გადაცემა. მოსამართლეების პარლამენტის წევრთა 2/3-ის არჩევის მოთხოვნა, კობახიძის თქმით, სწორედ ენმ-ს აძლევდა საკონტროლო პაკეტს.

„გავაკეთებდით ამასაც, „ნაცმოძრაობას“ მივცემდით სასამართლოს — თეორიულად ვლაპარაკობ — მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორია მათ მიერ მართული სასამართლო… ამ სისტემის შემოქმედები — სააკაშვილი და ადეიშვილი ბოლომდე სარგებლობდნენ მფარველობით, დასეირნობდნენ ევროპაში და ამერიკაში. ამიტომ, ყველაფერთან ერთად, ვინც მიუტანა ენტონი ბლინკენს ქაღალდი ხელმოსაწერად, იმან დანაშაულთან ერთად ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვა. ამ შეცდომის შედეგები გამოჩნდება სამომავლოდ“, — თქვა მან.

ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სანქცირების შესახებ წარმატებულად გამოიყენოს.

„მათ ძალიან მარტივად შევახსენებთ იმას, რა სისტემა ჰქონდათ 2012 წლამდე და რა სისტემაა დღეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას. და თუ ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, ადეიშვილით და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. მათ მხარეს არ არის სიმართლე. დაგველაპარაკონ წესებით. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით. ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით“, — განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

[ბლინკენის] განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი