ახალი ამბები

რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტის შევსება „მეგობრული“ ქვეყნების დახმარებით სურს – ბრიტანეთის დაზვერვა

5 აპრილი, 2023 •
რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტის შევსება „მეგობრული“ ქვეყნების დახმარებით სურს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთს იმედი აქვს, რომ „მეგობრული“ ქვეყნებისგან ფინანსური მხარდაჭერით საბიუჯეტო დეფიციტს აღმოფხვრის, მიიჩნევენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაში.

როგორც დაზვერვაში ამბობენ, რუსეთის პრემიერმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენული ვალის ვალდებულებების ნაწილის გამოშვება უცხოურ ვალუტაში „შემუშავების ეტაპზეა“, რაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი ელის მხარდაჭერას იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც „მეგობრულს“ უწოდებს.

„ინვესტორები სხვა ქვეყნებიდან შეძლებენ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას და ამგვარად, ბიუჯეტის მომავალი დეფიციტის დაფინანსებას. ისინი ირიბად დააფინანსებენ შეჭრას უკრაინაში“, – ამბობენ დაზვერვაში.

აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ვალის ობლიგაციებს ადგილობრივი ბანკები ყიდულობდნენ, მაგრამ დაზვერვაში ეჭვობენ, რომ მათ შეუძლიათ, სრულად დააფინანსონ მოსალოდნელი დეფიციტი.

„რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, განიხილავს საგარეო ვალის ვალდებულებების ობლიგაციების გამოშვებას როგორც ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ერთ-ერთ ხერხს, ვინაიდან უკრაინაში ხანგრძლივ ომს გეგმავს. გაუგებარია, მოახერხებს თუ არა მოსკოვი ამ გეგმის რეალიზაციას“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

ვინ არის „მეგობრული“ ქვეყანა რუსეთისთვის?

საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისდამი „მეგობრულია“ ყველა ის ქვეყანა, ვინც „არამეგობრულთა“ სიაში ვერ მოხვდა.

„არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არიან აშშ, ევროკავშირის წევრები, იაპონია, კორეა, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, კანადა და სხვები. „არამეგობრულთა“ უახლეს სიაში საქართველო არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი