აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1994 წელს უკრაინა დაარწმუნა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, რომლის ქონის შემთხვევაშიც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ვერ გაბედავდა.
„პირად დანაშაულს ვგრძნობ, ვინაიდან დავარწმუნე უკრაინა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამ „ტრიუკს“ არ შეასრულებდა, უკრაინას ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა“, – უთხრა კლინტონმა ირლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
როგორც კლინტონი ამბობს, ჯერ კიდევ მაშინ უკრაინელებს ეშინოდათ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ „ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მათ ექსპანსიონისტური რუსეთისგან იცავდა“.
„ვიცი, რომ პუტინი არ უჭერდა მხარს ელცინის დადებულ შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობაზე. როცა ეს მოსახერხებელი იყო, პუტინმა შეთანხმება დაარღვია და ყირიმი წაიღო. თავს საშინლად ვგრძნობ, ვინაიდან უკრაინა მნიშვნელოვანი ქვეყანაა“, – ამბობს კლინტონი და ხაზს უსვამს, რომ ევროპამ და აშშ-მა კიევის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.
1994 წელს, კლინტონის პრეზიდენტობისას, აშშ-მა, რუსეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა გააფორმეს „ბუდაპეშტის მემორანდუმი“ – უკრაინამ საბჭოთა ბირთვულ იარაღზე უარი თქვა და ის რუსეთს გადასცა, სანაცვლოდ კი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები მიიღო. მოგვიანებით რუსეთმა მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია/ოკუპაცია განახორციელა.
ბუდაპეშტის მემორანდუმის გაფორმება. მარცხნიდან მარჯვნივ: ბილ კლინტონი, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი