ახალი ამბები

ბოჭორიშვილი 2012-ში საუბრობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო – სამადაშვილი

4 აპრილი, 2023 • 1072
ბოჭორიშვილი 2012-ში საუბრობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო – სამადაშვილი

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ წევრია, 2012 წელს ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო.

ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს, 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მანამდე მაკა ბოჭორიშვილმა წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

ბოჭორიშვილის თქმით,  ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია და ქვეყანა ვერ გაწევრიანდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

ბოჭორიშვილის თქმით,  საქართველოს სტრატეგიული მიზანი „მოლტოვის კოქტეილად“ აქციეს.

„დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენს მისიაში მუშაობდა, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.

სიმართლე კი მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“ –  მედროვე, ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა მადლობა გადაუხადა ლაზარე გრიგორიადისს და თქვა, რომ სწორედ მისმა მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ არ წართმეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი