ახალი ამბები

სენაკის მერის ბიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI-საქართველო

4 აპრილი, 2023 • 1132
სენაკის მერის ბიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია, სენაკის მერ ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია „არქეოპოლისმა” და ბიძაშვილ იოსებ გადელიას კომპანია „ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.

სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში”. 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

„არქეოპოლისმა” სამ ტენდერში გაიმარჯვა. ქალაქ სენაკის ორ ქუჩაზე და ხუთი სოფლის სხვადასხვა დასახლებაში გზის საფარი უნდა აღადგინოს, „ინდიკო” კი ორი ტენდერის გამარჯვებულია — მას სენაკში, სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის, შიდა გზების რეაბილიტაციისა და მოედნის მოწყობის სამუშაოები აქვს შესასრულებელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თანახმად, აღნიშნულ მომსახურებათა შესყიდვა სენაკის მერიამ თავდაპირველად 2022 წლის იანვარში სცადა, თუმცა, მხოლოდ ორი ტენდერის მეშვეობით. ტენდერებში „არქეოპოლისმა“ და „ინდიკომ“ გაიმარჯვა, თუმცა მერიამ მათთან ხელშეკრულებები ვერ გააფორმა, რადგანაც ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატებოდა და ამ ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. სენაკში საკრებულოს ამ დრომდე არ დაუწყია ფუნქციონირება პარტიათა შორის არსებული დაპირისპირების გამო. შესაბამისად, სატენდერო კომისიამ ორივე ტენდერი შეწყვიტა.

სენაკის მერიამ ორი შეწყვეტილი ტენდერის ნაცვლად ექვსი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი, რომელშიც „არქეოპოლისი” გამოვლინდა გამარჯვებულად, ამჯერად 3 შესყიდვად დაიყო, ასევე 3 შესყიდვად დაიყო „ინდიკოს” მიერ მოგებული ტენდერიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ცნობით, ამ გზით მერიამ შეამცირა მომსახურებათა ღირებულება, რითაც ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის საჭიროება აირიდა.

„არქეოპოლისმა” მონაწილეობა მიიღო და უკონკურენტოდ გაიმარჯვა იმ შესყიდვებში, რომლებშიც წინა ჯერზეც გამოვლინდა გამარჯვებულად, რაც შეეხება „ინდიკოს”, მან სამიდან ორ ტენდერში, უკონკურენტოდ გაიმარჯვა, მესამე შესყიდვის გამარჯვებულად (ასვე უკონკურენტოდ) კი პარტია „ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია „მშენებელი” გამოვლინდა.

„როგორც წინა ორ შემთხვევაში, ასევე ახალ ტენდერებზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, „არქეოპოლისთან” დაკავშირებულია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდიაც — იგი 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე “არქეოპოლისის” დირექტორი იყო. ნანა ზარანდია ამავე დროს სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა. როგორც წინა, შეწყვეტილი ორი შესყიდვის, ასევე ახალი ექვსივე შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი არც „არქეოპოლისთან” და არც „ინდიკოსთან”.

ვახტანგ გადელიამ ხუთივე შესყიდვაზე აღნიშნა, რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც „ინდიკოსთან”, ასევე „არქეოპოლისთან” და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული. მიუხედავად ამისა, TI-საქართველოს შეფასებით, ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„სატენდერო დოკუმენტაციისა და პირობების შესწავლა, ასევე, აღნიშნულ შესყიდვათა პროცესი გვაფიქრებინებს, რომ ისინი შესაძლოა, კონკრეტულ მიმწოდებლებზე იყოს მორგებული“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში „არქეოპოლისისა” და „ინდიკოს” მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

სენაკის მერიაში აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი