ახალი ამბები

სასამართლომ სარეკლამო სააგენტოში დასაქმებულის სექსუალური შევიწროება დაადგინა — „ლაბორი“

4 აპრილი, 2023 • 699
სასამართლომ სარეკლამო სააგენტოში დასაქმებულის სექსუალური შევიწროება დაადგინა — „ლაბორი“

პროფკავშირ „ლაბორის“ ინფორმაციით, სასამართლომ ABK-ში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და ქალის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.

ორგანიზაციის თქმით, მოსარჩელე ანა ჯიქიამ 2022 წლის 7 თებერვალს, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში მუშაობა დაიწყო  გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, 2 კვირიანი გამოსაცდელი ვადით. „ლაბორის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანია შეატყობინებდა ანა ჯიქიას, დაასაქმებდა თუ არა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ დამსაქმებელმა ანა ჯიქიას შრომითი ხელშეკრულება წერილობით ისევ არ გაუფორმა.

ორგანიზაციის თქმით, 2022 წლის 1 მარტით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულება ანას და სს აბკ-ს შორის გაფორმდა 15 აპრილს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 9 აპრილს სს აბკ-ს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის მეუღლემ, გ.მ.-მ ის სექსუალურად შეავიწროვა.

„ლაბორის“ განცხადებით, 2022 წლის 9 აპრილს ანა ჯიქია დამსაქმებლის მიერ ორგანიზებული წვეულებიდან დირექტორთან, 2 თანამშრომელ გოგოსთან, 1 თანამშრომელ ბიჭსა და სს აბკ-ს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის მეუღლესთან, გ.მ.-სთან ერთად კომპანიის დირექტორის მიერ გამოძახებული ტაქსით ბრუნდებოდა ქ. თელავში მდებარე სასტუმროში, რა დროსაც გ.მ. მას სხეულის ინტიმურ ნაწილებზე შეეხო და კალთაში გადაისვა მისი ნებართვის გარეშე. ორგანიზაციის თქმით, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ ნ.ს., ნ.კ. და ანა ჯიქია, მას შემდეგ, რაც შეძლეს მიღებული სტრესიდან ცოტათი გამოსვლა, დირექტორს მოუყვნენ, რაც მოხდა.

„სწორედ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში დაიდო ანა ჯიქიასთან და თვითმხილველ ორ გოგოსთან შრომითი ხელშეკრულებები წერილობით, მათ შორის, ნ.კ.-სთან და ანა ჯიქიასთან _ გამოსაცდელი ვადით. ანა ჯიქიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე გაათავისუფლეს ნ.ს.-ც, ნ.კ.-მ კი რამდენიმე თვეში თავად დატოვა სამსახური“ ,— ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის შემდეგ, „ლაბორის“ თქმით, 2022 წლის 31 მაისს სს აბკ-ს დირექტორმა ანა ჯიქიას ზეპირსიტყვიერად შეატყობინა, რომ მიუხედავად იმისა, მისი მუშაობით კმაყოფილი იყო და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, 1 ივნისს შეუწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო. ორგანიზაციის თქმით, გარდა ამისა, მოსარჩელეს განუცხადეს, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ამიტომ ვერ შეძლებდა ერთი ახალი გრაფიკული დიზაინერისა და დამატებით ანა ჯიქიასთვისაც ხელფასის გადახდას.

„2022 წლის 23 ივნისს ანა ჯიქიამ გაიგო, რომ სს აბკ-მ მისი გათავისუფლების შემდეგ სამსახურში აიყვანა ორი ახალი გრაფიკული დიზაინერი. მას გაუმძაფრდა ეჭვი, რომ მისი გათავისუფლება „გამოსაცდელი ვადის ამოწურვის“ მიზეზით სინამდვილეში განპირობებული იყო მის მიერ 9 აპრილს მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებით და იმით, რომ ამის გამო არასასურველ კადრად იქცა.

ანა ჯიქიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რასაც კომპანიის მხრიდან მოჰყვა ერთგვარი მუქარა, რომ მასსა და კომპანიას შორის იყო მხოლოდ სტაჟირების ხელშეკრულება, რომ გათავისუფლებას არ ჰქონდა კავშირი სექსუალურ შევიწროებასთან და ის ცილს სწამებდა კომპანიას, რის გამოც სასამართლოს მიმართავდნენ. ანა ჯიქია დაუკავშირდა პროფკავშირ „ლაბორს“,— ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, „ლაბორის“ დახმარებით ანამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უვადო შრომითი ურთიერთობის, სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა, აგრეთვე, იძულებითი განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

„ლაბორის“ განცხადებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ.ს.-მ დაადასტურა გ.მ.-ს მიერ ანა ჯიქიას კალთაში უნებართვოდ გადასმის ფაქტი.

ორგანიზაციის თქმით, მოწმე ნ.ს.-მ თქვა ისიც, რომ გ.მ.-მ ანას უთხრა, „როგორც მეგობარს, ისე მოექცა და რომ ასეთი ქცევა მის სამეგობროში მიღებული იყო“.

„ლაბორი“ აღნიშნავს, რომ სასამართლოს ჩვენება მისცა ანა ჯიქიას ფსიქოთერაპევტმაც, რომლის დახმარებაც მას განცდილი სტრესის დასაძლევად დასჭირდა, მოპასუხეები კი მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდნენ მსხვერპლის დისკრედიტაციას, თითქოს ის დავას აწარმოებდა გამორჩენისა და შურისძიების მიზნებით.

საბოლოოდ, 2023 წლის 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ დაადგინა გ.მ.-ს მხრიდან ანა ჯიქიას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი, რის გამოც ანას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 450 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 3000 ლარის გადახდა დააკისრა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გ.მ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

„გარდა ამისა, სასამართლომ ბათილად ცნო სს აბკ-ს მიერ ანა ჯიქიას გათავისუფლება, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა კი უვადო შრომით ურთიერთობად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ სს აბკ, როგორც დამსაქმებელი, ვალდებული იყო, დაემტკიცებინა, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან, რაც მან ვერ შეძლო. მოსარჩელემ კი სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ შრომითი ურთიერთობა დაიწყო 2022 წლის 7 თებერვალს შრომის კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ წერილობითი ხელშეკრულების დადების გარეშე.

სასამართლომ სს აბკ-ს იძულებითი განაცდურის სახით, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1000 ლარის გადახდა დააკისრა, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 10 000 ლარს. სასამართლომ სექსუალური შევიწროების ფაქტის გამო სამსახურში აღდგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია და აღდგენის შეუძლებლობის გამო სს აბკ-ს კომპენსაცია დააკისრა 3000 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარეებს აგრეთვე დაეკისრათ ანა ჯიქიას მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება“, — ნათქვამაი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, პროფკავშირი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებისას აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისას დაეყრდნო ქცევის ფორმის, ქცევის არასასურველობისა და შედეგის კრიტერიუმებს. „ლაბორი“ აცხადებს, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კალთაში გადასმა გულისხმობდა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებს შორის სხეულის ინტიმურ ნაწილებზე შეხებას და ასეთი ქცევა ატარებდა სექსუალურ შინაარსს. ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია, თითქოსდა ეს შეხება გამოწვეული იყო მანქანაში ბუნებრივი სივიწროვით.

„ლაბორის“ განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა ვითარებაც, რომელშიც მოხდა შევიწროების ფაქტი და მიუთითა, რომ სხვა პირების თანდასწრებით ნებართვის გარეშე კალთაში გადასმით გ.მ.-მ ანა ჯიქიაში გამოიწვია სირცხვილისა და უხერხულობის განცდა, რაზეც ისაუბრა მისმა ფსიქოთერაპევტმაც. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სექსუალური შევიწროება შესაძლოა, პირმა ჩაიდინოს წინასწარი განზრახვის გარეშეც, გაუფრთხილებლად:

„სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის, იმისათვის, რათა მსხვერპლებმა ხმა აიმაღლონ შრომით ურთიერთობაში კოლეგების თუ ხელმძღვანელობის არასასურველი ქცევის წინააღმდეგ. ლაბორი მოუწოდებს შესაძლო მსხვერპლებს, არ შეეგუონ და მოგვმართონ დახმარებისთვის. ლაბორი სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს მათი უფლებების დასაცავად“ ,— ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოში ანა ჯიქიას ინტერესებს იცავს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე.

„ნეტგაზეთი“  დაუკავშირდა კომპანიასაც და ჰკითა გეგმავდნენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რაზეც გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი