ახალი ამბები

არავინ უნდა დაუშვას საქართველოს იმედგაცრუება და რუსეთისთვის ცრუ იმედის მიცემა – ზურაბიშვილი

3 აპრილი, 2023 • 736
არავინ უნდა დაუშვას საქართველოს იმედგაცრუება და რუსეთისთვის ცრუ იმედის მიცემა – ზურაბიშვილი

„არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება და არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისთვის ადვილი სამიზნე გახდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ქვეყნის უალტერნატივო მიზანია.

„ბატონო პრეზიდენტო, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირეთ და ამისთვის მინდა ჩემი უდიდესი მადლიერება გამოვხატო, რამეთუ ლიეტუვა იმ ადგილას დგას, სადაც იდგა მთელი ეს პერიოდი და ამ გზაზე გვიჭერს მხარს.

დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება. ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით ბუქარესტის სამიტის სულისკევეთებას დაუბრუნდეს.

„ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს.

ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახალი და ადვილი სამიზნე გახდეს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატოსთან.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და გააძლიეროს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ასევე, აყვავებული სახელმწიფო“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი