ახალი ამბები

მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩევნები წააგო, ის ქვეყანას 1991 წლიდან მართავდა

3 აპრილი, 2023 • 767
მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩევნები წააგო, ის ქვეყანას 1991 წლიდან მართავდა

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი განიცადა სახელმწიფოს მოქმედმა ლიდერმა მილო ჯუკანოვიჩმა.

იგი ქვეყნის სათავეში 1991 წლიდან იყო და ხან პრემიერ-მინისტრის, ხან კი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მისი მმართველობის დროს ქვეყანა ნატოს წევრი გახდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მიიღო.

არჩევნების მეორე ტურში ჯუკანოვიჩს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, 36 წლის იაკოვ მილატოვიჩმა [გარეკანის ფოტოზე] აჯობა. მას მხარს უჭერდნენ სერბეთთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან და რუსეთთან დაახლოებული პარტიები. იგი ამომრჩეველს ჰპირდება კორუფციის დამარცხებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და სერბეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას.

„ამ დღეს 30 წელიწადზე მეტი ველოდით. ბედნიერ გამარჯვებას გისურვებთ“, – უთხრა მილატოვიჩმა დედაქალაქ პოდგორიცაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ჯუკანოვიჩმა მარცხი აღიარა, ოპონენტს წარმატებები უსურვა და განაცხადა: „მონტენეგრომ არჩევანი გააკეთა და მე მას პატივს ვცემ“.

გარდა ამისა, ზაფხულში იგეგმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, პრეზიდენტის დიდწილად ცერემონიული როლის მიუხედავად, ამ არჩევნების მოგება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებსაც ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი