ახალი ამბები

რუსეთში „ნორჩი ვაგნერელის“ კლუბი გახსნეს

31 მარტი, 2023 • 1282
რუსეთში „ნორჩი ვაგნერელის“ კლუბი გახსნეს

2023 წლის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში მუშაობა დაიწყო  ახალგაზრდულმა კლუბმა „ნორჩმა ვაგნერელმა“. მას „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ბიზნეს-ცენტრი“ აფინანსებს. ეს სტრუქტურა ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის ჯგუფის“ ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის და არაერთ სამხედრო დანაშაულში ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბუმაგას“ ცნობით, კლუბის წევრებს დეპუტატები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ომის მონაწილეები ხვდებიან.

„ახალგაზრდებში სამშობლოს სიყვარულის დანერგვა“

კლუბის განცხადებით, მისი სამიზნე აუდიტორიაა 16-25 წლის ახალგაზრდები, მთავარი მიზანი კი „ახალგაზრდებში სამშობლოს სიყვარულის დანერგვაა“. კლუბის კურატორია ალექსანდრე ტრონინი, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი (ლდპრ – დააფუძნა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ), რომელიც იანვარში პარტიიდან გარიცხეს.

როგორც თავად ტრონინმა „ბუმაგას“ უთხრა, კლუბს მარტის მდგომარეობით 60 წევრი ჰყავს – „ახალგაზრდები, ვინც ლდპრ-ის პარტიული ხაზის წინააღმდეგ წავიდა). თავად ახალგაზრდებმა არ ისურვეს იმის შესახებ საუბარი, თუ როგორ და რატომ გახდნენ „ნორჩი ვაგნერელები“.

„ნორჩ ვაგნერელად“ გახდომისთვის მსურველმა ორგანიზაციას უნდა მისწეროს სოცქსელებში, შემდეგ კი მიიტანოს პასპორტი, ორი ფოტო და ავტობიოგრაფია. „ბუმაგას“ ცნობით, მიღებამდე მსურველებს ამოწმებს ცენტრის უსაფრთოხების სამსახური.

როგორც ალექსანდრე ტრონინი ამბობს, ახალმა წევრებმა უნდა წარადგინონ „პატრიოტიული პროექტები“. „ბუმაგას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთია სამხედრო დრონების დახვეწა.

სპეცრაზმელი, რომელიც „დელტა-ტალღებს ასხივებს“

22 თებერვალს გამართულ ღონისძიებას, რომელზეც „ბუმაგას“ რეპორტიორიც იმყოფებოდა, დაახლოებით 20 ადამიანი – სკოლისა მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. დასწრების სანაცვლოდ ისინი გაკვეთილებისგან თუ ლექციებისგან გაათავისუფლეს.

ამ ღონისძიებაზე სპიკერი იყო სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი, ვიქტორ შმარკოვსკი. ახალგაზრდებს მან უამბო გადმობირების მეთოდების შესახებ და მათ შორის ჰიპნოზიც დაასახელა.

შეხვედრის მონაწილეებმა შმარკოვსკის, რომელმაც საკუთარ თავს „პირველი ბირთვული ბომბის შვილი“ უწოდა, ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს „ექსტრასენსებზე სპეცდანიშნულების რაზმში“ და პასუხად მიიღეს, რომ თავად შმარკოვსკი „ასხივებს დელტა-ტალღებს“, ხოლო მის ტვინს „შეუძლია ნებისმიერ დარტყმას გაუძლოს, გარკვეულ ზონებში დაგროვებული სითხის გამო“.

„ნორჩი ვაგნერელი“, რომელშიც ეს ღონისძიება ჩატარდა, იანვრის ბოლოს გაიხსნა. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, პირველი შეხვედრის ანონსი არსად არ გავრცელებულა, სპიკერად კი სახელმწიფო დუმაში წარმოდგენილი პარტიის („სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის!“) ლიდერი, სერგეი მირონოვი მიიწვიეს. მის გარდა, „ნორჩ ვაგნერელს“ ესტუმრნენ სახელმწიფო დუმის ორი დეპუტატი, ბლოგერი ვიტალი ვერსერკი და ჟურნალისტი იური პოდოლიაკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი