ახალი ამბები

ელისაშვილმა მოუბოდიშა ზურაბიშვილს იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტობა არ უნდოდა

31 მარტი, 2023 • 1106
ელისაშვილმა მოუბოდიშა ზურაბიშვილს იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტობა არ უნდოდა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა სალომე ზურაბიშვილს იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტობა არ სურდა.

ელისაშვილმა თქვა, რომ ეჭვის თვალით უყურებდა იმას, თუ რამდენად დაიცავდა სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, თუმცა შეცდა.

„მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით. პიროვნულად არაფერს გერჩოდით — ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილი და გამქრალი ემიგრაციიდან, რომ გადარჩით ქართველად და დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ, მაგრამ მაშინ რისი მეშინოდა?

მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას — ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. მე თქვენ პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც გითხარით სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს.

მე არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. ბოდიშს გიხდით იმის გამო და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რომ რაც აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უკიდურესად სამარცხვინოა და „თუ ვინმე ნამუსს წმენდს“ ქვეყანას, არიან პრეზიდენტი და უკრაინაში მებრძოლი ქართველები.

„უკრაინაში რომ ჩავედი, პირველი, რაც გვითხრეს, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა რეები თქვაო, და მე მომიწია თავის მართლება ჩემი პრემიერ-მინისტრის სიტყვების გამო. მადლობა თქვენ თქვენი პოზიციისთვის — დღეს თუ ვინმე წმენდს ნამუსს ჩვენს ქვეყანას, ხართ თქვენ და პირველ რიგში, არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან, მაგრამ ფეხს არ უცვლიან იქ ბრძოლას“, — დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკურ მიზანთან დაპირისპირების გამო. ასევე, თქვა, რომ უკრაინის მიმართ „ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი