ახალი ამბები

პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ ნარსია დააკავა, ვერ იხსენებს, სად იდგა მისი დაკავებისას

30 მარტი, 2023 •
პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ ნარსია დააკავა, ვერ იხსენებს, სად იდგა მისი დაკავებისას

აქტივისტ ნიკა ნარსიას განცხადებით, პოლიციელი, რომელიც ირწმუნება, რომ 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე ნარსია დააკავა, მის დაკავებაში საერთოდ არ მონაწილეობდა.

რა ხდება?

2 მარტს, „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვისას, პარლამენტთან აქცია იმართებოდა. კერძოდ, აქციის მონაწილეები ორად იყვნენ გაყოფილი და პარლამენტის ორ  ჭიშკართან, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, იყვნენ გადანაწილებული.

ნიკა ნარსიაც სწორედ 9 აპრილის ქუჩაზე იყო. როგორც ის ნეტგაზეთს ეუბნება, აქციის დასაწყისში, როდესაც 9 აპრილის ქუჩა ხალხის სიმრავლის გამო გადაიკეტა, ის გზაზე დაჯდა, რის შემდეგაც პოლიციას მოუწოდა, აქციის ჩატარება და მისი უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

„გზა, რომ ბუნებრივად გადაიკეტა, დავჯექი ქვაფენილზე და პოლიციელს ვეუბნებოდი, გადაკეტე გზა, ბევრი ხალხია, მანქანებიც ვერ გაივლის-მეთქი, მერე გადამწიეს“, – ამბობს ნიკა ნარსია.

მისივე თქმით, დაახლოებით 3 საათის შემდეგ, პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ტროტუარზე იდგა. საპირისპირო თქვა სასამართლოზე პოლიციელმა. ის ირწმუნებოდა, რომ ნარსიას დაკავებაში მონაწილეობდა და ნარსია „იმ წამსვე“ დააკავეს, როცა გზაზე დაჯდა.

ნარსიას თქმით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„ჩემი დაკავება მოხდა 3 საათის შემდეგ, როცა აქცია დასასრულს უახლოვდებოდა და პარლამენტიდან აპირებდნენ გამოსვლას „ოცნების“ დეპუტატები, რის გამოც 38 პირი ტერიტორიიდან გაგვათრიეს, რომ ჩვენი ხმა არ გაეგოთ რუს დეპუტატებს.

შსს-მ კადრებიდან 3 საათი ამოჭრა და აქციის დაწყების და დამთავრების კადრებით სცადა ემტკიცებინა, რომ მე აქციის დაწყებისთანავე დამაკავეს, რაც ტყუილი და საქმის გაყალბებაა“, – აცხადებს ნარსია.

პოლიციელი, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოიკითხა, როგორც ნარსიას დამკავებელი სამართალდამცავი, ვერც იმას იხსენებს, თუ სად იდგა თავად იმ დროს, როცა ნარსიას გზაზე იჯდა.

იმის გასაკრვევად, თუ სად იდგა პოლიციელი ნარსიას დაკავების დროს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ დაკავებაში თავადაც მონაწილეობდა, სასამართლო პროცესზე მას სთხოვეს, დაკავების კადრებში საკუთარი თავი ამოეცნო და მიეთითებინა, სად იდგა. თუმცა დაკავების კადრების ჩვენებისას პოლიციელმა საკუთარი თავი ვერ იპოვა და თქვა, რომ „შორიახლოს“ იდგა.

რა თქვა პოლიციელმა სასამართლოზე?

29 მარტის სასამართლო პროცესზე აღნიშნული პოლიციელის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოს ნაწყვეტი გაავრცელა თავად ნიკა ნარსიამ. ამ ვიდეოს მიხედვით კი, პოლიციელის გამოკითხვა შემდეგნაირად წარიმართა:

ნიკა ნარსია: აქ ვარ მე, წინ არის სპეცრაზმელი და აქ არის გოგა მემანიშვილი.

პოლიციელი: მათ შორის მეც ვიყავი.

ნიკა ნარსია: ანუ ესენი მაკავებენ, სპეცრაზმელი, გოგა მემანიშვილი და სპეცრაზმის კორდონია იქ მთლიანად, პატრული არ არის და ტროტუარიდან მხსნის გოგა მემანიშვილი და მაგინებს […]

ნიკა ნარსია: თქვენ რა დროს დამაკავეთ, 3 საათის შემდეგ თუ…

პოლიციელი: უშუალოდ მარტო მე არ დამიკავებიხართ.

ნიკა ნარსია: ჯგუფმა, რომელმაც დამაკავა, იმ წამს დამაკავა, როცა დავჯექი და გზა გადავკეტე, თუ 3 საათის შემდეგ?

პოლიციელი: დაკავება ხდება იმ წამსვე.

ნიკა ნარსია: ამას 3 ათასი მოწმე ჰყავს, რომ იმ წამს კი არა, 3 საათის შემდეგ დამაკავეს ტროტუარიდან .

ადვოკატი: თქვენ სად დგახარათ მაგ დროს? არ გახსოვთ, ბატონი ნიკოლოზი როგორ იჯდა ქვაფენილზე?

პოლიციელი: ნიკოლოზი მახსოვს, მაგრამ მე სად ვდგავარ  მაგ დროს, არ ვიცი.

ადვოკატი: არ გახსოვთ, საიდან უყურებდით ბატონ ნიკოლოზს?

ნიკა ნარსია: რა მხარეს იდექით, მაგას გეკითხებით.

მოსამართლე: ბატონი ნიკოლოზი ხომ დაინახეთ?

პოლიციელი: დიახ.

მოსამართლე: სად იდექით თქვენ?

პოლიციელი: წინა რიგებში არ ვიყავი, როგორც მე მახსოვს, მაგრამ უკან ვიდექი.

ადვოკატი: უკან დგახარათ? რომელი ხართ? რამდენი კაცი გეფარებათ? თქვენ უშუალოდ ბატონ ნიკოლოზთან შეხება არ გქონიათ?

პოლიციელი: ამ მომენტში არა[…]

ადვოკატი: აქედან რომელი ხართ? [მიუთიეთებს დაკავების კადრზე].

პოლიციელი: არა.

ადვოკატი: ამ დროს სად იმყოფებით?

პოლიციელი: [პარლამენტის] კართან ვდგავართ.

ადვოკატი: თქვენ ხომ იქ იდექით, როცა ბატონი ნიკა იჯდა ქვაფენილზე?

პოლიციელი: იქ ვიდექი შორიახლოს […]

ნიკა ნარსიას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნული პოლიციელის დაკითხვაც და დაკავების კადრებიც მოწმობს, რომ დაკავების ოქმში ნიკა ნარსიას დამკავებელ პოლიციელად არ უნდა დაფიქსირებულიყო.

„რას ნიშნავს დაკავება? – უნდა მიხვიდე ან ხელით შეეხო, ბორკილი დაადო, უნდა შეუზღუდო მიმოსვლა. საბუთებში ეწერა, რომ მე დავაკავე და დაკავების ოქმი შევადგინეო, სასამართლოში გამოცხადდა როგორც დამკავებელი. მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ვიცოდით და თვითონ ნიკაც ამბობდა, რომ ამ ადამიანს არ დაუკავებია“, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ნეტგაზეთთან.

თუმცა, მისივე თქმით, პოლიციელმა სასამართლოზე თქვა, რომ ის არც იმ მანქანაში ჩამჯდარა, რომლითაც ნიკა ნარსია გადაიყვანეს.

„თქვა, რომ ნიკა ნარსია ვნახე, როცა შსს-ში მივედი, იქ მე და ჩემმა ოცმეთაურმა რომ გავისაუბრეთ, გადაწყდა, მე უნდა შემედგინა დაკავების ოქმი და ამის შემდეგ ის გამოგვეცხადა დამკავებლად. მას არც უნდა შეედგინა დაკავების ოქმი, რადგან ვიღაცას რომ აკავებენ, შენ ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ამ ადამიანზე ხელი  მოკიდებული დაკავების პროცესში. ვიღაცას რომ 20  მეტრში აკავებენ და პოლიციის თანამშრომელი, უბრალოდ, ამას უკეთებ, კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე, შენ ვერ იქნები დამკავებელი. რამეში მაინც უნდა მიიიღო მონაწილეობა.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დაეკითხათ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ კადრებში ჩანან, მაგრამ სასამართლომ არ დაუშვა და შსს-მაც არ წარმოადგინა ეს დამკავებლები სასამართლოზე“, – ამბობს ადვოკატი.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყების პასუხს ელოდება, რის შემდეგაც მასალა განახლდება.

ვინ ჩანს ნიკა ნარსიას დაკავების კადრებში?

კადრებში, რომელიც ნიკა ნარსიამ სასამართლოზეც აჩვენა, ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ნარსიას დაკავებაში მონაწილეობს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილია. კადრში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთ დამკავებელს ნიღაბი უკეთია.

რაც შეეხება სხვა პოლიციელებს, რომლებიც კადრებში ჩანან,  არცერთი მათგანი ვიზუალურად არ ჰგავს იმ პოლიციელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა ნარსიას დაკავებაში მონაწილეობდა.

სასამართლოზე გამოსული პოლიციელი ჭაღარათმიანია, ხოლო ნიკა ნარსიას დაკავებაში ორი მელოტი პოლიციელი მონაწილეობს.

ადვოკატის თქმით, გოგა მემანიშვილი იყო ერთ-ერთი სამართალდამცავი, რომლის დაკითხვის შუამგდომლობაც სასამართლოზე დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„თუ არის ზემდგომი პირი, ყველანაირად ცდილობენ ხოლმე, რომ აღნიშნული ადამიანი სასამართლოში არ მოვიდეს“, – ამბობს ადვოკატი.

ნიკა ნარსიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 13 აპრილს მიიღებს. როგორც ნიკა ნარსია ამბობს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, რა ზომებს მიმართავს პოლიციელის მიმართ, რომელიც ირწმუნება, რომ ის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი