ახალი ამბები

თუ ნათია ბერიძეს დაუდგინდა ცრუ დასმენა, თქვენც დასაჭერები იქნებით — მდინარაძე მედიას

29 მარტი, 2023 •
თუ ნათია ბერიძეს დაუდგინდა ცრუ დასმენა, თქვენც დასაჭერები იქნებით — მდინარაძე მედიას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ POSTV-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიება დაიწყება, მაშინ კრიტიკული მედიის ნებისმიერი სიუჟეტიც შეიძლება, ანალოგიური მუხლით დაისაჯოს.

„POSTV-ის ჟურნალისტს აბრალებდნენ ცრუ დასმენას. ეს რომ ასე იყოს, ჟურნალისტს თუ დააბრალებთ ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით.

მაგალითად, ნებისმიერი დაბრალება პოლიტიკოსების, შეიძლება, შეფასდეს როგორც ცრუ დასმენა და დაისაჯოს. ნათია ბერიძის მიმართ, რომელიც თავად ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო და ეს ინფორმაცია გაახმოვანა, თუ კვალიფიკაცია და შედეგი დადგება, რომ ეს იყო ცრუ დასმენა, ყოველდღე დასაჭერები გახდებით, ეს შეიძლება, ოდნავ უტრირებულად, მაგრამ რეალურად ცრუ დასმენის ასე უბრალოდ წამოსროლა [არ შეიძლება]…“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


25 მარტს „პოსტ ტვ-ის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, თითქოს მიაკვლიეს ბინას, სადაც ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე იმყოფებოდნენ. „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ განაცხადა, რომ თითქოს ჰყავდა წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩიქოვანმა სამხარაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ამის შემდეგ ბერიძემ პოლიცია გამოიძახა.

უკვე 26 მარტს „პოსტ ტვ-ის“ სხვა გადაცემაში მან ახსნა, თუ რატომ დარეკა 112-ში. მისი თქმით, თითქოს სადარბაზოში ყვირილის ხმა გაიგო. ადგილზე მივიდა პოლიცია, სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია „იმედიც“ იყო.

„პოსტ ტვ-ის“  მიერ  გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ. ჩიქოვანმა თქვა, რომ ბერიძე მის სახლთან რამდენიმე საათით ადრეც იყო მისული. მას შემდეგ, რაც კარი არ გაუღეს, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ბერიძემ  „პოლიციაში ცრუ დასმენა განახორციელა“. მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყო შალვა რამიშვილის ტელევიზიის ბრალდებები, მათ შორის, მისი გატაცებისა და მასზე ძალადობის შესახებ ცნობა.

სახელმწიფო თათია სამხარაძის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი