ახალი ამბები

პოლიციიდან დამიკავშირდნენ, შევთანხმდით შეხვედრაზე – ანანია გაჩეჩილაძე

29 მარტი, 2023 • 3234
პოლიციიდან დამიკავშირდნენ, შევთანხმდით შეხვედრაზე – ანანია გაჩეჩილაძე

ანანია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

ანანია გაჩეჩილაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძენებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. 25 მარტს „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს.

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, პოლიციამ აღნიშნული ჩანაწერის სრულად მიწოდება სთხოვა.

„პოლიციიდან დამიკავშირდნენ ორშაბათს, საღამოს საათებში, მას შემდეგ, რაც 2 დღით ადრე მიმართული მქონდა ელექტრონულად და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვაპელირებდი მათი მხრიდან უკონტაქტობაზე. დამიკავშირდა პოლიციიდან ქალბატონი, საკმაოდ კარგი განწყობა დამრჩა მასთან საუბრის შემდეგ, როგორიც უნდა გრჩებოდეს პოლიციასთან საუბრის შემდეგ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის.

შევთანხმდით შეხვედრაზე, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება უკვე ჩვენი შეხვედრა და მთხოვეს ამ ჩანაწერის სრულად მიწოდება, რაზეც მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ დიახ, ვფლობ ამა და ამ ჩანაწერს“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ანანია გაჩეჩილაძემ.

ანანია გაჩეჩილაძის თქმით, მას ასევე დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდანაც.

„ასევე, დღის მეორე ნახევარში, რაც ლევან იოსელიანმა გაავრცელა თავისი მიმართვა, დამიკავშირდნენ ასევე სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და დამისვეს შეკითხვა, თუ რით შეუძლიათ დამეხმარონ. ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ მსურს, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლოს ეს საქმე და დაადგინოს, მოხდა თუ არა შალვა რამიშვილის მხრიდან ჩემი სექსუალური შევიწროება“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ანანია გაჩეჩილაძემ.

ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ასახავს

მასალების გადაბეჭდვის წესი