ახალი ამბები

“ეს არის ღია საკითხი” — რას ამბობს ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე

24 მარტი, 2023 • 2131
“ეს არის ღია საკითხი” — რას ამბობს ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, “ტვ პირველზე” ინტერვიუს დროს ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას.

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ზურაბიშვილს შეახსენა, რომ გვარამიაზე არასოდეს უთქვამს “არა და არასოდეს” — ფრაზა, რომელიც ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გამოიყენა იმის აღსანიშნად, რომ არ აპირებდა ამ უკანასკნელის შეწყალებას.

ტრაპაიძემ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, არის თუ არა გვარამიას საკითხი მისთვის პერსონალური და აქვს თუ არა დაპატიმრებული მედიამენეჯერის მიმართ რაიმე წყენა. წარსულში გვარამიას ზურაბიშვილი შეურაცხმყოფელ კონტექსტში არაერთხელ ჰყავს მოხსენიებული.

“არა, არანაირი პერსონალური არ არის… წყენა არის პიროვნული ურთიერთობების და არა პოლიტიკის კატეგორია. თუ გაქვს [წყენა], ის გვერდზე უნდა იყოს გადადებული, სანამ ხარ ამ პოზიციაზე. პრეზიდენტს არ შეიძლება ჰქონდეს პირადი წყენა. ამის სამი მაგალითი უკვე მქონდა: ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა…” — აღნიშნა პრეზიდენტმა, მიანიშნა რა მის მიერ შეწყალებულ ოპოზიციონერ ფიგურებზე.

“ამიტომ, ეს არის ღია საკითხი”, — დასძინა მან გვარამიას საკითხზე მსჯელობისას და დაამატა, რომ “ერთადერთი შემაფერხებელი ამაში არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები, ზეწოლები თუ თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები”.

“მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ პატარა ქვეყანა რომ ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ნება უნდა აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს პიროვნულად ჩემზე, რომ მოდით და ვიღაც შეიწყალეთ.

ამის უფლება არავის აქვს არცერთი ქვეყნის მიმართ… პრეზიდენტის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა… ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება”, — აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, პატივს სცემს ფაქტს, რომ გვარამიას მისთვის შეწყალება არ უთხოვია.

“ძალიან პატივს ვცემ ამ პოზიციას და რაც იქნება და როგორც იქნება, გეტყვით თავის დროზე”, — თქვა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვას — “თუ დაინახავთ, რომ [ევროკავშირის] 12 პუნქტზე მიდის ინტენსიური მუშაობა და პროცესს ეს რაღაც რგოლი აკლია, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებას?” — ზურაბიშვილმა უპასუხა:

“თუ-ზე გავჩერდეთ… მე არ ვაპირებ, დღეს ეთერში ამ თემაზე გიპასუხოთ, იმიტომ, რომ ეს დისკრეციული უფლება უნდა იყოს დაცული”.

გასული წლის ივნისში, როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს “პოლიტიკურად არ იყო დროული”.

მეორე მხრივ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ნათქვამი აქვს, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, “ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა”.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის მაისში მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი