საზოგადოება

„ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის ფოიეში დაუპირისპირდნენ

24 მარტი, 2023 • 2523
„ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის ფოიეში დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სასეიო დარბაზში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფოიეშიც გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს საკანონმდებლო ორგანოს გასასვლელთან სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მომხდარს წინ უძღოდა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს „სულგაყიდული“, „არაკაცი“ და „მოღალატე“ უწოდა. ღარიბაშვილის განცხადებას გუბაზ სანიკიძის მხრიდან დაგინება მოჰყვა.

აღნიშნულის შემდეგ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მალევე დასრულდა და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, დაპირისპირება კი დერეფანში გაგრძელდა. ინციდენტის ამსახველ კადრებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი, რომელიც სანიკიძეს შეურაცხყოფას აყენებს. კადრებში ასევე ჩანან ალუდა ღუდუშაური და გია ბენაშილი, რომელიც სანიკიძეს კისერში ქაჩავს.

უმრავლესობის დეპუტატები სანიკიძეს უყვირიან, „ბოდიში მოიხადოს“. მათიკაშვილი მის მიმართ გინებას აგრძელებს გუბაზ სანიკიძის მიერ შენობის დატოვების შემდეგაც:

„როგორც აფთრები, ისე წამომესივნენ, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ბეჟაშვილს, რომელიც ჩემ გვერდით იდგა. რომ არა ის, არ ვიცი, რა დამემართებოდა. მანდატურებს ხელი არ გაუნძრევიათ, ლევან ბეჟაშვილი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი… არაუშავს, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, — ამბობს ინციდენტის შემდეგ გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „პირველთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი