ახალი ამბები

„რატომ არ გვაქვს სტატუსი, იქნებ თქვენი განცხადებების გამო?!“— კორძაია ღარიბაშვილს

24 მარტი, 2023 • 989
„რატომ არ გვაქვს სტატუსი, იქნებ თქვენი განცხადებების გამო?!“— კორძაია ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს დაფიქრდეს, თუ რატომ არ აქვს საქართველოს ამ დრომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

კორძაია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, თქვას, თუ რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებს ქვეყანა ევროპისგან, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი „კრიმინალურს“ უწოდებს:

„მაინტერესებს, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც თქვენ ამ წუთში კრიმინალურ ევროპას უწოდებთ? დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომ 1 მლნ 300 ათასი გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ კრიმინალების მფარველებს”, –  მიმართა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს .

კორძაიას თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს სტატუსს და მის ვერ მიღებას ღარიბაშვილის განცხადებებს უკავშირებს:

„თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით ჩვენ სტატუსს, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში აკეთებდით. იქნებ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის გამოც ჩვენ აღარ გვაქვს სტატუსი.

როდესაც პარტნიორი ევროპელები მილიონებს გაძლევენ იმისათვის, რომ მერე ასეთი წერილობითი ანგარიში მოგვაწოდოთ პარლამენტში და გვთხოვენ, არ მივიღოთ რუსული კანონი, თქვენ ამას ეძახით დეზინფორმაციას, აი, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს ჩვენ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღეს, 24 მარტს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის სიტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი