ახალი ამბები

საქაერონავიგაცია განმარტავს, რატომ ვერ დაჯდა ბერბოკის თვითმფრინავი პირველივე ცდაზე

24 მარტი, 2023 • 3666
საქაერონავიგაცია განმარტავს, რატომ ვერ დაჯდა ბერბოკის თვითმფრინავი პირველივე ცდაზე

დღეს, 24 მარტს, საქაერონავიგაციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რატომ არ დაეშვა გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი პირველივე ცდაზე თბილისის აეროპორტში.

საქაერონავიგაცია უარყოფს გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, შეფერხების მიზეზი თბილისის აეროპორტი იყო.

„გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, — აცხადებს საქაერონავიგაცია.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, თვითმფრინავს გაუჭირდა დაშვება და მსგავსი მოხდა იაპონიაში ვიზიტის დროსაც.

თბილისში ჩამოსულ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში არ დაახვედრეს ევროკავშირის დროშა, რაც სხვა დროს პროტოკოლის ნაწილი იყო. მაგალითად, 2018 წელს, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტისას, აეროპორტში სამი დროშა იყო აღმართული — საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის.

მასალების გადაბეჭდვის წესი