ახალი ამბები

გოცირიძის სადგური 3 წლის შემდეგ იხსნება

17 მარტი, 2023 • 1818
გოცირიძის სადგური 3 წლის შემდეგ იხსნება

მეტროსადგური გოცირიძე 18 მარტს დილის 06:00 საათიდან გაიხსნება. ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

გოცირიძე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2020 წელს დაიხურა.


მანამდე, 21 დეკემბერს, მერიამ თქვა, რომ სადგურის გახსნამ გაურკვეველი ვადით გადაიიწია.

ამავე დღეს უწყებამ კონტრაქტი გაწყვიტა კომპანია „შპს მამისონთან“, რომელიც თავის მხრივ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია შპს „კაიზენისგან“ გადმოიბარა. „მამისონი“ სამომავლო ტენდერებისთვის შავ სიაშიც შეიყვანეს. კახა კალაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ „მამისონმა“ სამუშაოები ხარვეზიანად შეასრულა და ასევე, არ აწარმოებდა შესაბამის დოკუმენტაციას.

ჯერ კიდევ აგვისტოში მერია ამბობდა, რომ ამ კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მას შემდეგ ითქვა, რომ ძირითადი სამუშაოები დასრულდა და ახლა ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა.

თავად „მამისონმა“ რეაბილიტაციის პროექტი შპს „კაიზენისგან“ გადმოიბარა. ამ უკანასკნელთან მერიამ ასევე გაწყვიტა ხელშეკრულება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მერია „მამისონთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ჯერ კიდევ ნოემბერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ რემონტი შეაჩერა, რადგან „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ , რომელსაც მეტროსადგური უნდა გაერემონტებინა, ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.

ვარკეთილის მეტროს რემონტი შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი