ახალი ამბები

სლოვაკეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემს

17 მარტი, 2023 • 653
სლოვაკეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემს

სლოვაკეთის მთავრობამ გეგმა დაამტკიცაუკრაინისთვის საბჭოთა წარმოების 13 გამანადგურებლის მიწოდების შესახებ. ის არის ნატოს წევრი მეორე ქვეყანა, რომელიც რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფოსთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დასთანხმდა.

MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, პარასკევს გამოაცხადა. როგორც AP News წერს, ქვეყანა საბრძოლო თვითმფრინავებს აღარ იყენებს.

“დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყვლაფერს გავაკეთებდით. მიხარია, რომ სხვებიც ამავეს აკეთებენ”, — წერს ჰეგერი “ტვიტერზე”.

პრემიერ-მინისტრი ამატებს, რომ სამხედრო დახმარება საკვანძო ფაქტორია, რათა უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპა რუსეთისაგან დაიცვას.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამაც თქვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს. მისი თქმით, მომდევნო დღეებში კიევს 4 თვითმფრინავს გადასცემენ, მოგვიანებით კი სხვა MiG-29-ებსაც მიაწვდიან.

უკრაინას დასავლური ქვეყნებისგან არაერთხელ უთხოვია თანამედროვე თვითმფრინავების, მათ შორის, F-16-ების მიწოდება.

უკრაინელ პილოტებს ნატოს სტანდარტებზე მორგებული თვითმფრინავების მართვაში დიდი ბრიტანეთი ატრენინგებს, თუმცა, რადგან წვრთნას დიდი დრო სჭირდება, დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თვითმფრინავების მიწოდებაც დიდ დროს წაიღებს.

რაც შეეხება აშშ-ს, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება კიევისთვის.

“ჩვენ გვჭირდება [თვითმფრინავები] ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ჩვენი არმიისთვის საგაზაფხულო კონტრშეტევაში დასახმარებლად”, — უთხრა უკრაინელმა დეპუტატმა კირა რუდიკმა BBC-ს და იქვე დაამატა, რომ კიევისთვის თვითმფრინავების მისაწოდებლად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.

მიჩნეულია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, უკრაინას 120-მდე ქმედითუნარიანი საბრძოლო თვითმფრინავი ჰქონდა.

გარეკანის ფოტო: Petr David Josek, AP

მასალების გადაბეჭდვის წესი