ახალი ამბები

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქმე აღძრეს პრორუსი ლიდერის წინააღმდეგ

17 მარტი, 2023 • 993
ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქმე აღძრეს პრორუსი ლიდერის წინააღმდეგ

ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურამ საქმე აღძრა ბოსნიელი სერბების ლიდერის, მილორად დოდიკის წინააღმდეგ. საქმე ეხება დოდიკის მიერ სრებრენიცაში 1995 წლის გენოციდის უარყოფას, რომლის დროსაც 8 000 მუსლიმი კაცი და ბიჭი დახოცეს.

“რადიო თავისუფლების” თანახმად, ბოსნიური კანონით, პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რის შემდეგაც მოქმედი პროკურორი გადაწყვეტს, წარადგინოს თუ არა ბრალდება. ამის შემდეგ ქვეყნის სასამართლომ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ხსენებული ბრალდება.

ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს, ისევე როგორც გაეროს უმაღლეს სასამართლო ორგანს, გენოციდად აქვს აღიარებული ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობები, რომლებსაც ყოფილი სამხედრო ოფიცერი რატკო მლადიჩი მეთაურობდა.

საუბარია ბოსნიის ომის ბოლო, 1992-95 წლების პერიოდზე. ქალაქი სრებრენიცა ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ ავტონომიურ ერთეულში, სერბთა რესპუბლიკაში მდებარეობს.

სწორედ ამ ერთეულის ლიდერია ახლა მილორად დოდიკი.

დოდიკმა არაერთხელ უარყო ხსენებული გენოციდი მას შემდეგ, რაც მაშინდელმა საერთაშორისო უმაღლესმა წარმომადგენელმა ბოსნიაში, ვალენტინ ინზკომ, დააწესა კანონი გენოციდის უარყოფის აკრძალვის შესახებ. ეს 2021 წლის ივლისის ბოლოს მოხდა.

“გენოციდი იქ არ მომხდარა. ჩვენ ეს ყველამ ვიცით სერბთა რესპუბლიკაში”, — თქვა დოდიკმა თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს განცხადება ბოსნიაში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ მარფიმ, უკანონოდ და დესტაბილიზაციის ხელშემწყობად შეაფასა.

დოდიკი არაერთგზი გამხდარა აშშ-ის სანქციების სამიზნე დესტაბილიზაციის მცდელობებისა და სავარაუდო კორუფციის ბრალდებით.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ზოგიერთი სერბი საუბრობს ძალადობასა და სხვა უკანონო აქტებზე, რომელთაც ზემოხსენებული და სხვა კონფლიქტების დროს სერბთა წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი. ისინი სრებრენიცას აღიარებენ არა გენოციდად, არამედ ერთ-ერთ ტრაგედიად იუგოსლავიის დაშლისას მომხდარი სასტიკი ომების დროს.

სრებრენიცაში ჩადენილი გენოციდსა და ომის დანაშაულებში მონაწილეობისთვის, ჯამში, 50 ადამიანია გასამართლებული. მათ შორის არიან ბოსნიელი სერბი ლიდერები რადოვან კარაჯიჩი და რატკო მლადიჩი.

მომზადებულია “რადიო თავისუფლების” მიხედვით

სერბთა რესპუბლიკისა და დოდიკის შესახებ

სერბთა რესპუბლიკა არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეული, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ.

სერბთა რესპუბლიკის ლიდერია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირე მილორად დოდიკი, რომელიც არაერთხელ გამოსულა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გამოყოფისა და სერბეთთან გაერთიანებას იდეით.

მილორად დოდიკმა მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა ვლადიმერ პუტინი.

კრემლის მოკავშირეს ბალკანეთში ურთიერთობების ისტორია აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთანაც. 2015 წლის ბოლოს დოდიკმა მიიღო აფხაზეთის მაშინდელი დე ფაქტო საგარეო მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა.

ბოსნიელ სერბთა დელეგაციას, რომელიც ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე და ქალაქების მერები მონაწილეობდნენ, ასევე დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა ახალი სკანდალი გამოიწვია, განაცხადა რა, რომ მიიღებს კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“.

დოდიკი ირწმუნება, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობას (FARA) ასახავს, თუმცა ბოსნიაში აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ის კრემლის მიერ იყო შთაგონებული.

ასევე გირჩევთ:

აშშ და EU აკრიტიკებენ პუტინის მოკავშირეს ბოსნიაში „უცხოელი აგენტების“ კანონის ინიცირებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი