ახალი ამბები

„სხვა დროა, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია“ – ოპოზიციის ნაწილი მერაბიშვილს აკრიტიკებს

12 მარტი, 2023 • 1429
„სხვა დროა, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია“ – ოპოზიციის ნაწილი მერაბიშვილს აკრიტიკებს

ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკრიტიკებენ ვანო მერაბიშვილს მისი განცხადებების გამო.

საუბარია ბრიფინგზე, რომელიც 10 მარტს უკრაინაში „უკრინფორმის“ მედია პლატფორმაზე გაიმართა. ბრიფინგის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილი იყო და მას ვანო მერაბიშვილთან ერთად დისტანციურად გიული ალასანიაც ესწრებოდა.

ბრიფინგზე მერაბიშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა ასევე ისაუბრა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის შეცვლის მოთხოვნით აქციებს გეგმავს.

რა თქვა მერაბიშვილმა?

მერაბიშვილს ბრიფინგზე რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის, შეეხნენ უკრაინაში ომს და საქართველოში რუსულ გავლენებს.

მერაბიშვილმა საუბრის დაწყებისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ნათლად პრორუსული კურსი აქვს.

„მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს.. არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში.. რომ ის არ არის მთავარი მოკავშირე, რადგან საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, იმ დროს, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი – საქართველო ახლა, არის რუსეთის ბანაკში და ფაქტობრივად, რუსეთის მოკავშირეა.

მიხარია, რომ საქართველოს საზოგადოებას რეაქცია ჰქონდა ამ სიმბოლურ კანონზე ასეთი სერიოზული აქციებით, მე მიხარია, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი იძულებული იყო გაეუქმებინა ეს კანონი, რომელიც მიიღეს რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება, ეს არის პირველი გამარჯვება და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მინდა ვთხოვო ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიით, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაში, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ პირველი პრეზიდენტია საქართველოს, რომელმაც საქართველოს ინტეგრირება მოახდინა ევროკავშირის სტრუქტურებში, მაგრამ ასევე ის არის პუტინის წინააღმდეგობის სიმბოლო, იმიტომ რომ სააკაშვილის გადარჩენა ეს არის კიდევ ერთი დიდი ქვა პუტინის ქმედებების შეზღუდვაში,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი დასძენს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, თითქოს, საქართველოს საზოგადოება პასიურია, ივანიშვილი კი სრულად აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს. მარტის აქციებმა კი აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია იყოს პრორუსული სახელმწიფო.

ის ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ოცნება“ იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო და მართალია, ახლა რთულია ზოგადი პროგნოზირება – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აპირებს, რომ გააგრძელოს ეს ბრძოლა“, მათ შორის ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვაიძულებთ საქართველოს ხელისუფლებას ასევე დათმონ ამ საკითხში, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. 10-15 წლის წინ საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლის თვალსაზრისით. ცუდია, რომ ახლა ის „აუთსაიდერია“. ჩვენ ვაპირებთ – და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს – დავიწყოთ მასობრივი აქციები და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა. რათა საქართველოს ხელისუფლებაში მთავრობაში პროდასავლური, პროუკრაინული მმართველობა მოვიდეს, რათა უკრაინა არ იყოს მარტო.. ჩვენ მოკავშირეები ვართ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება. გამარჯვება არამხოლოდ რუსეთზე, არამედ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანების გამარჯვება და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით,“

მერაბიშვილმა ასევე გაიხსენა 2008 წლის ომი, თქვა, რომ ისევე, როგორც ყირიმის ოკუპაციის დროს, საერთაშორისო საზოგადოებამ და დასავლეთმა „არასერიოზული დამოკიდებულება“ გამოავლინა.

„მთავარი პიარი ამჟამინდელი ხელისუფლების არის ის, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება თუ დაბრუნდება ენმ – იმ დღესვე დაიწყება ომი. თბილისში იდგებიან რუსული ტანკები და ეს მესიჯი მეტ-ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს, საქართველოს თითქმის მესამედი ოკუპირებული იყო და ყოველ მეორე ქართველს თავისი თვალით ჰქონდა რუსული ტანკი ნანახი,“ – ამბობს მერაბიშვილი და დასძენს, რომ ამის მიუხედავად საქართველოს საზოგადოების უმეტესობა მზადაა ხელისუფლება შეცვალოს და გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.

ოპოზიციის კრიტიკა

ვანო მერაბიშვილის სიტყვებს ფეისბუკზე გამოეხმაურა და გააკრიტიკა მისი გამოსვლა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

„ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს.
ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.

სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა!
რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ,“ – დაწერა მან.

ასევე ფეისბუკზე მერაბიშვილს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. მან თქვა, რომ მერაბიშვილის სიტყვები „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“.

„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ ნაც-ქოცურ რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან,“ – დაწერა ფეისბუკზე მამუკა ხაზარაძემ.

მერაბიშვილის პასუხი

სხვადასხვა გამოხმაურების შემდეგ, მერაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ე.წ. ფეიქ ნიუსებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ბრიფინგიდან განცხადებები სხვადასხვა, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი,“ – დაწერა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი