„საქართველოს უნივერსიტეტს“ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში სარჩელი შეაქვს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ამის შესახებ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს სიცრუეზე აგებული კამპანია და მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების დისკირედიტაციას.
„ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს, რომ თითქოს მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქმნა.
ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ, თითქოს პოლიტიკური პროცესი სადღაც მტრულ დასავლეთში იგეგმება – ევროპაში, ამერიკაში, მასონების და სხვა მითიური მტრების მიერ და ხორციელდება მათი სატელტი NGO-ების მიერ, ხოლო ხალხი, მათ შორის სტუდენტები და ცნობილი მეცნიერები – მხოლოდ მოტყუებული, ბრმა იარაღია“, – განაცხადა კოკა თოფურიამ.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის თქმით, მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი შეხედულებები მათი სტუდენტების მიმართ.
„ისინი დამოუკიდებლად, თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდილი ახალგაზრდები არიან, იმდენი ცოდნით და უნარებით, რომ მათზე ზემოქმედება, მათი მართვა და ბრმა იარაღად გამოყენება შეუძლებელია. მათი როლისა და თავისუფალი ნების დაკნინება ლახავს ჩვენი სტუდენტების ღირსებას, რასაც ვერაფრით ვერ შევეგუებით. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ყოველთვის იდგებიან დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ისტორიის ნათელ მხარეს, და ყველაფერს ვიზამთ, რომ ვერავინ შეძლოს აბუჩად აიგდოს ჩვენი მთავარი ღირსება – ჩვენი სტუდენტები“, – განაცხადა კოკა თოფურიამ.
რა თქვა ღარიბაშვილმა?
12 მარტს ტელეკომპანია „იმედთან“ინტერვიუში პრემიერმა „საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განაცხადა, რომ:
- „ფრანკლინის კლუბში წამლავენ ახალგაზრდებს“, რაც არის „პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“;
- „ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში“;
- „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები […] იქცეოდნენ ყველაზე პროვოკაციულად და გამომწვევად, […] ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში [სამართალდამცავებთან]“;
- „უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ერთ ლარად გადასცა თავის დედას“.
რა თქვა კობახიძემ?
ირაკლი კობახიძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 7-8-9 მარტს გამართულ აქციებზე გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. მისი თქმით,
- „ფრანკლინის კლუბი“ არის „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
- „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას.
- სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია – კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“.
- აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე, სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.