ახალი ამბები

პრემიერის განცხადება სტუდენტებს შეურაცხყოფს – „საქართველოს უნივერსიტეტი“

13 მარტი, 2023 • 1262
პრემიერის განცხადება სტუდენტებს შეურაცხყოფს – „საქართველოს უნივერსიტეტი“

„ლახავენ უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამებიან სინამდვილეს“, – ასე აფასებენ „საქართველოს უნივერსიტეტში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

რა თქვა ღარიბაშვილმა?

12 მარტს,  ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანია „იმედთან“ინტერვიუში, პრემიერმა „საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განაცხადა, რომ:

  • „ფრანკლინის კლუბში წამლავენ ახალგაზრდებს“, რაც არის „პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“;
  • „ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში“;
  • „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები […] იქცეოდნენ ყველაზე პროვოკაციულად და გამომწვევად, […] ჰქონდათ დავალება, შესულიყვნენ დაპირისპირებაში [სამართალდამცავებთან]“;
  • „უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ერთ ლარად გადასცა თავის დედას“.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ პასუხი

უნივერსიტეტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ „უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია“ და იმედს გამოთქვამს, რომ „პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით“.

როგორც უნივერსიტეტში ხაზს უსვამენ, ინფრასტრუქტურა შეძენილია ღია აუქციონზე, ხოლო მისი ღირებულება დაიფარა საბანკო კრედიტით – „ცხადია, ხელთ გვაქვს ამის დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთი“.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ აგრეთვე გეგმავს „სამართლებრივი პროცედურების დაწყებას ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით“.

„ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი.

ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“.

საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი