ახალი ამბები

თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია – საია

13 მარტი, 2023 • 1194
თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია.

კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს აღარ ექნება  სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება და ამას ჩაანაცვლებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

„შემოთავაზებული ცვლილებების სისტემურად, საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან განხილვის შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა, კერძოდ:

კონსტიტუციური შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ ითვალისწინებს, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ საქართველოს სხვა ორგანულ კანონებსა და საკანონმდებლო აქტებზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას. ამასთან, კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით“, – აცხადებს საია.

აქედან გამომდინარე, საიას განცხადებით, იარარქიულად უფრო დაბლა მდგომ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ სამხედრო სამსახურის ვალდებულება (თუნდაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახით) განესაზღვროს სასულიერო პირსაც, გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე და ისინი კვლავ გათავისუფლდებიან ალტერნატიული შრომითი სამსახურისგანაც, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი აქტია.

ამასთან, საია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კანონის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ რეგულირების სფეროა საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი იქნებოდა იმგვარი განმარტება, რომ „სამხედრო ვალდებულება“ უკავშირდება მხოლოდ გაწვევის ფაქტს, ხოლო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ამისგან დამოუკიდებლად არსებული ვალდებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებას, არამედ სამხედრო ვალდებულების მხოლოდ სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას“, – აცხადებს საია.

საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება „[…] სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში”, – აცხადებს საია.

ამასთან, საიას განცხადებით, აღნიშნულთან კავშირში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას.

„იs იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით“, – აცხადებს.

ამრიგად, საია მოვუწოდებს როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

„დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით“, – აცხადებს საია.
ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

მასალების გადაბეჭდვის წესი