ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ქართული თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

13 მარტი, 2023 • 3053
ქართული თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს არც ქართული თეატრი დაუტოვებია ურეაქციოდ.  რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად პოზიციები დააფიქსირეს „ახალი თეატრის“, „ქალაქის თეატრის“, „მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის“, „ილიაუნის თეატრისა“ და „სამეფო უბნის თეატრის“ სცენებიდან. არასარეპერტუარო პოლიტიკის მქონე თეატრალურმა კომპანიებმა კი გაავრცელეს კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები.

„ნეტგაზეთმა“ ერთად მოუაყარა თავი ქართული თეატრების სცენებიდან გამოხატულ პროტესტსა და მოწოდებებს, სახელოვნებო და თეატრალური კომპანიების განცხადებებს.

7 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციების პარალელურად, „ახალ თეატრში” სპექტაკლის „მე გადმოვცურავ ზღვას“ შემდეგ მსახიობებმა ტაშის დროს გამოიტანეს პლაკატი წარწერით — „არა რუსულ კანონს!“.

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ და გმობს ნებისმიერ ინიციატივას,რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას!  – ასეთია ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე დართული ტექსტი.

 

8 მარტს, აქციის პარალელურად მიმდინარე სპექტაკლის „უსახელი ვარკსვლავი” შემდეგ, მსახიობები ევროკავშირის დროშის თანხლებით გამოვიდნენ მაყურებელთან.

„სპექტაკლის წინ გადავწყვიტეთ, ევროკავშირის დროშა გამოგვეტანა სცენაზე. არ გვქონდა… მარკეტინგის ხალხი აენთო, მსახიობები გავედით, იქნებ ახლომახლო გვეყიდა, ან გვეთხოვა. მოკლედ, ვერსად ვნახეთ. ქალაქის თეატრიდან გამოგიგზავნითო, მაგრამ დრო აღარ გვქონდა. ტექნიკურმა რეჟისორმა ჩვენს გადასარევ კოსტუმების მკერავებს დაურეკა, სპეკტაკლის დასრულებამდე შეიკერა დროშა და ასე შეხვდა ჩვენი არაჩვეულებრივი მაყურებელი ჩვენს გზავნილს! ძალა ერთობაშია, მეგობრებო! სპექტაკლიდან აქციაზე მივდივართ, რომ პუტინის კანონს წინ აღვუდგეთ! – დაწერა მსახიობმა ანკა ვასაძემ.

 

არც „ქალაქის თეატრის” სცენაზე ჩაუვლია პრემიერას პლაკატების გარეშე. რუსული კანონის საწინააღმდეგო პლაკატთან ერთად, სპექტაკლის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა სცენაზე ააფრიალეს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

„გუშინ ჩვენ გვერდით მეორეკურსელი, მომავალი თეატრის მხატვრები იდგნენ. მათთვის ეს პრემიერა დებიუტია! ზუსტად მათთვის და მათზე უმცროსი თაობებისთვის (ცოტა ჩვენთვისაც და უფროსებისთვისაც) ვქმნით გარემოს ევრუპულ მაგალითებზე. ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენი ქალაქის ევროპულ თეატრს🎭“, – დაიწერა თეატრის ფეისბუკ გვერდზე.

 

„თუმანიშვილის თეატრის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე სიჩუმის მიუხედავად, სპექტაკლის „ჰამლეტი/მანქანა” რეჟისორმა და თეატრის დირექტორმა – ზურა გეწაძემ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განათავსა ვიდეო, წარწერით „#ჩვენვირჩევთევროპას”.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე მსახიობები გამოჩნდნენ პლაკატებით – „ჩვენ ვირჩევთ ევროპას” და „Fuck Russia”.

მარტის თვის პირველი სპექტაკლი „ილიაუნის თეატრშიც” საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშების სცენაზე გამოტანით დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანიების „ღია სივრცისა” და „ჰარაკის” – გვერდებზე გამოქვეყნებული განცხადებებიც, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული პროტესტი უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.

 

არც კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ დარჩენილა „ახალი თეატრის” სცენა მოწოდების გარეშე. 11 და 12 მარტს, მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის „ბუნკერი” შემდეგ სცენაზე მსახიობებმა გაშალეს გრაგნილი, წარწერით „ბრძოლა ახლა იწყება”, ტექსტის თავსა და ბოლოში გამოსახული იყო ევროკავშირის დროშა.


ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი 11 მარტს გაისმა ბერლინში, დოიჩე თეატრის სცენიდან. „სამეფო უბნის თეატრი”, სპექტაკლით „მედეა s01. e06″, იმყოფება გასტროლზე  ბერლინში. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკვშირის დროშები. საპროტესტო აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული წყლის ჭავლის წინააღმდეგობის მიუხედავად, აღმართული ევროკავშირის დროშის ფონზე, სპექტაკლის რეჟისორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა:

„ძვირფასო სტუმრებო, ეს არის ბოლო რამდენიმე ღამის ფოტოები თბილისის ქუჩებიდან. ცნობილი პროტესტიდან რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებაც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სცადა ჩვენმა ხელისუფლებამ. აქ გამოფრენამდე და თვითმფრინავში ჩასხდომამდე ჩვენც ქუჩაში ვიდექით. დღეს თქვენ წინაშე ვითამაშეთ სპექტაკლი ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით დამწვარი გუგებითა და ცრემლით სავსე თვალებით. კოლხეთიდან მოყოლებული, 2000 წლის მანძილზე, პატარა ერი საქართველო ყოველთვის იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.

დიდ და სასტიკ ძალებთან მრავალწლიანი  ბრძოლისას, საქართველომ  შეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა დასავლურ კულტურაში. ახლა კი, როცა არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი განსხვავება სწორსა და არასწორს შორის, ქართველი ხალხი  მტკიცედ და უშიშრად დგას ისტორიის სწორ მხარეს. უკრაინასთან და დანარჩენი ევროპის ნაწილთან ერთად იცავს ევროპულ ღირებულებებს და შეუპოვრად აფრიალებს ევროპის დროშას ცინიკური, სასტიკი ძალის წინააღმდეგ. ახლა ევროპული მომავალი აღმოსავლეთში წყდება. ამ წუთებში თბილისის ქუჩებსა და უკრაინის მიწაზე იცავენ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ არ დავნებდებით და მივაღწევთ მიზანს. გაიმარჯვებს საქართველო. გაიმარჯვებს უკრაინა. იმპერიები დაეცემიან, დაეცემიან სამუდამოდ!”

მასალების გადაბეჭდვის წესი