ახალი ამბები

ერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

10 მარტი, 2023 • 3204
ერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი სამხარაძემ მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ უკან წაიღებს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. საჭირო გახდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება.

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი  – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად, ჩავარდა.

ის ერთი დეპუტატი, ვინც კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა, სწორედ დიმიტრი სამხარაძე იყო.

ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.

განახლება 13:05 – დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას და მას კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი