ახალი ამბები

შსს: ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს, დააზიანეს ავტობუსი, სახანძრო

9 მარტი, 2023 • 1081
შსს:  ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს, დააზიანეს ავტობუსი, სახანძრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 8 მარტის აქციის დროს მონაწილების მიერ მიყენებულ ზარალზე:

“რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობითვე, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

“აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც”.

რა მოხდა 8-9 მარტის აქციის ღამეს – ქრონოლოგია

 

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი, სხვების ძებნა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი