ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმი: ეროვნული გალერეიდან მომიტინგეები გავიყვანეთ, ექსპონატები საცავშია

9 მარტი, 2023 • 820
ეროვნული მუზეუმი: ეროვნული გალერეიდან მომიტინგეები გავიყვანეთ, ექსპონატები საცავშია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გაიყვანეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები, ექსპონატები კი საცავში გადაიტანეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების დაშლის მორიგი მცდელობა. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება გაუფრთხილებლად დაიწყო, სავარაუდოდ, ისროდნენ რეზინის ტყვიებსაც. ეროვნული მუზეუმის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა გალერეის კარი შეამტვრიეს და „დაიკავეს პირველი საგამოფენო დარბაზი“. ისინი აღნიშნავენ, რომ „საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა“:

„დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა. საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო მომდევნო რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები გაიყვანეს საგამოფენო სივრციდან.

შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი. ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ“, — წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი